ზუგდიდში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია უძღვებოდნენ.
პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხო. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ, რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.
პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა – ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში იმართება.