ირაკლი შიხიაშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ცდილობენ, ხელისუფლებისთვის დუჟმორეული სახე აღარ მოარიდონ საზოგადოებას
ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც მატყუარაა, ასეთი იმიჯი გაუჩნდა საზოგადოებაში, მეორე მხარეს დგანან ჯალათი ტიპები, ჯალათები ლაპარაკობენ სამართლიანობაზე, – ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილი შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.
„დღევანდელი ვითარება ერთ ძველ ქართულ ზღაპარს, „ჯიუტ თხებს“ მახსენებს, ისინი შეხვდებიან ვიწრო ხიდზე ერთმანეთს, არცერთი აპირებს არაფრის დათმობას, ერთმანეთს რქებით ეჯახებიან. ვისი რქა უფრო გაუძლებს, ვისი შუბლი უფრო მაგარია, ასე თუ შევხედავთ, მაშინ სეირის საყურებლად გადაქცეულ ერს დავემსგავსებით.
მიტინგები ჩაანაცვლა ბოქლომებმა, ბოქლომებს რკინის კედლები დაუპირისპირეს. მხარეებად გაყოფილია საზოგადოება. ვის უნდა აწყობდეს ასეთი ვითარება ჩვენს ქვეყანაში, თუ არა ჩვენს მტერს? პოლიტიკური ძალები დასწრებაზე არიან, რომ ერთმანეთს დააბრალონ პრორუსობა. ამ დროს ორივე მხარე ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს.
რამ მოიყვანა ვითარება აქამდე? იყო ცრუ დაპირება, ნუ დავიჯეროთ, რომ გულწრფელად ამბობს ის გარკვეული ნაწილი, რომ მათ უნდოდათ პროპორციული არჩევნები, მაგრამ იმ 40-მა კაცმა განსხვავებული აზრი გამოხატა და ამიტომ ჩავარდა ეს საკითხი. შეიძლებოდა, ეს მართლაც ასე მომხდარიყო, მანამდე ისეთი წინაპირობა რომ ყოფილიყო, რომ პარლამენტში დამოუკიდებელი პროცესები მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს დამოუკიდებელი პროცესები პარლამენტში. ამ ყველაფერს კარგად განმარტება უნდოდა. როცა ხელისუფელბა თავის მართლების რეჟიმში დგება, ის ყოველთვის წამგებიან მდგომარეობაშია. ერთია, რომ ამათ ეს სისულელე ჩაიდინეს. თუ აწი იტყვიან ჩვენ გპირდებითო, ამ ნათქვამს ფასი აღარ აქვს“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარით მოქმედებს.
„გადავიდეთ მეორე მხარეს- რაც არ უნდა სამართლიან მოთხოვნას ჰგავდეს მათი მოთხოვნები, ფარისეველი ხალხია და ეს ხალხმა იცის. არ უჭერენ მათ მხარს. ასეთი სიტუაციაში აქციებს რომ არ ხელმძღვანელობდეს ბოკერია, უგულავა, ვაშაძე, სკაპით მიშა და ისტერიკაში ჩავარდნილი ტიპები, ფსიქოპატებივით რომ იწყებენ ღრიალს და ხავილს, მართლა გულანთებული ახალგაზრდები რომ იდგნენ ამ პროცესის სათავეში, მაშინ ბევრი ადამიანი გამოვიდოდა. მოსახლეობას შემდეგი ალტერნატივა დაუდგა: არ იქნება „ოცნება“ და ბიძინა? მაშინ მოვლენ ეს ნახევრად შეშლილი ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებაში მყოფნი ძალადობდნენ საკუთარ ხალხზე. ერთ მხარეს დგას „ოცნება“, რომელიც მატყუარაა, ასეთი იმიჯი გაუჩნდა საზოგადოებაში, მეორე მხარეს დგანან ჯალათი ტიპები, ჯალათები ლაპარაკობენ სამართლიანობაზე.
დღეს ქუჩაში გამოდის 7-8 ათასი კაცი, იმის გათვალისწინებით რომ 22 პოლიტიკური ძალაა ჩართული, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფრის ორთქლმავალი, წინამძღოლი არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ეს ადამიანები ცდილობენ, ხელისუფლებისთვის დუჟმორეული სახე აღარ მოარიდონ საზოგადოებას. არ რცხვენიათ, რომ ასე გამწარებულად უნდათ ძალაუფლებაში მოსვლა. არ მიყვება მათ ხალხი, ამიტომ, ჩემი აზრით, ისინი რევოლუციურ სცენარზე წავიდნენ. ყოველდღიურად ცდილობენ გაამძაფრონ დაპირისპირება“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე