ნათია თურნავა: ხვალ ბიზნესს 100 ობიექტს შევთავაზებთ საპრივატიზაციოდ, რაც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.
„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზეა საუბარი. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.
„აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო შეთავაზება, ძალიან ფართო არჩევანი ბიზნესისთვის, სად და როგორ შეიძლება დააბანდონ ინვესტიცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
2019 წლის ნოემბრის ბოლოდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზნებსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამისთვის სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები