ზაალ ანჯაფარიძე: პასუხი გაეცა იმ კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური ცვლილებების გატანა

„ივანიშვილის საჯარო გამოსვლა იყო დროული. ის გადადებას არ ითმენდა”, – ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
​მისი თქმით, ინტერვიუში არაერთი საინტერესო და საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის პერსპექტივებზე.
„როდესაც მშვიდი, სტაბილური და განვითარებული ქვეყნიდან შენს არეულ სამშობლოში ბრუნდები, პესიმისტი თუ ხარ, იფიქრებ „გვეშველება რამე?”, თუ ოპტიმიზმი შემოგრჩენია, მარადიულ კითხვას დასვამ: „რა ვაკეთოთ?” ეს შესავალი გადაცემა “SWOT-ანალიზში” ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუსთვის დამჭირდა. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში მან შეძლებისდაგვარად პასუხი გასცა როგორც ოპტიმისტებს, ისე პესიმისტებს და რაც მთავარია, ოპონენტებს, თუ რას უნდა ველოდოთ, რა შეიძლება მოხდეს და რა არა.
​პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან ყველაზე უკეთესი და ეს განპირობებული იყო მათ შორის სწორად შერჩეული ფორმატითა და მოდერაციით. მე განსაკუთრებით მენიშნა ივანიშვილის მოსაზრება სამშობლოსა და სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მისი ეს მოსაზრება ბევრი და განსხვავებული განსჯის საგანი გახდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ ეს მტკივნეული თემა აქამდე არცერთ ლიდერს არ წამოუწევია. გასაგები მიზეზების გამო, ყველა ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ამ საკითხზე დისკუსია დაიძვრება, რადგანაც ამ პრობლემას რეალური და მიწიერი საფუძველი აქვს. სამშობლო vs სახელმწიფო არის ჩვენს საზოგადოებაში ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემების ასეთი მკვეთრი პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო.
ივანიშვილის საჯარო გამოსვლა იყო დროული. ის გადადებას არ ითმენდა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში” სწორად წაიკითხეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მათ მომხრეებში არსებული განწყობები და მოლოდინები. დესტრუქციის რელსებზე გადასული ოპოზიციის მზარდი აქციების ფონზე საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთათვის რთული მდგომარეობა შეიქმნა, თუ გნებავთ წმინდა ფსიქო-ემოციური კუთხით და ამაზე ადეკვატური რეაგირება საჭირო იყო. ივანიშვილის ამ ინტერვიუმ, განსაკუთრებით ოპოზიციისადმი მისმა გზავნილებმა, ამ უკანასკნელთ განსჯის მასალა მაინც დაუტოვა, როგორც მინიმუმ. ინტერვიუში პასუხი გაეცა იმ კითხვასაც, რატომ ვერ მოხერხდა პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური ცვლილებების გატანა. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა და აზრი არ აქვს ურწმუნოთა გადარწმუნებას. კანონი და კონსტიტუცია არ დარღვეულა. საპარლამენტო დემოკრატიაში ხდება მსგავსი რამ. უფრო მეტიც, თუ ამას შევხედავთ გარდამავალი დემოკრატიის სტადიაში მყოფი ქვეყნის პრიზმაში, ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესია, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს სირთულეებიც და კაზუსებიც.
​აქვე დავსძენ რომ მე პირადად, სრულად მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ, ოღონდ არა ისეთის, რაც ჩვენთან არის, არამედ ამერიკულის. ინტერვიუში არაერთი საინტერესო და საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის პერსპექტივებზე, განხილვაზე დეტალურად არ შევჩერდები. სჯობს, ინტერვიუ ნახოთ, ვისაც არ გინახავთ! ახლა მთავარია, რომ საზოგადოებამ დაინახოს კონკრეტული საქმეები. ამისთვის კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა, ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდეს”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
​შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები