წყალტუბოსა და მცხეთის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი – “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ჩატარდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე – “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგები წყალტუბოსა და მცხეთაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. a
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების საინფორმაციო სამსახურიდან აცნობეს, ტრენინგის მონაწილეებმა ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალებულებების და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას ისახავს. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.