ბიძინა ივანიშვილი: სამშობლო მიყვარს და ამით სულ არ ვტრაბახობ
„სამშობლო რა თქმა უნდა მიყვარს და ამით სულ არ ვტრაბახობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე” გადაცემა „SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
ტელეწამყვანმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება გაახსენა: „ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართული კულტურა”, და ჰკითხა: ნანობდა თუ არა ის ამ სიტყვებს.
„რა თქმა უნდა ჯერ იქ ასვლა ჩემთვის დაძაბული იყო, მასთან შეხვედრა და დაჯდომა, რომელიც სწრაფად დავასრულე. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, მიკროფონთან, რომ მივედი, მაგრამ, გულწრფელად ამომივიდა ის, რაც ბუნებრივია. ქართული კულტურა გავიხსენე. სიყვარული ქვეყნისა ესაა სწორედ. გავიხსენე, რომ ესენი ჩემი თანამოქალაქეები არიან… ეს არის ის, რაც მათ არ აქვთ. თითქოს რაღაც გენეტიკური ძაფია გაწყვეტილი. სამშობლოს სიყვარული მაქვს, რა თქმა უნდა, და სულ არ ვტრაბახობ ამით”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პატრიოტიზმი საამაყო არასდროს არ უნდა იყოს, თუმცა, დღეს ისეა დაკნინებული ეს ცნება, რომ შეიძლება საამაყოც გახდეს.
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კინორეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე და მის მიერ ექსპრეზიდენტისთვის დასმული შეკითხვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა უყვარდეს სამშობლო.
„გიგა ლორთქიფანიძე დაუსვა ერთხელ შეკითხვა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც თავისი შემოქმედების პიკში იყო. არ იყო მაშინ სააკაშვილი დაკნინებული – ერთადერთი კითხვა მაქვს ჩვენს პრეზიდენტთანო, უყვარს თუ არა მას თავისი ქვეყანაო? ყველას უნდა უყვარდეს და არაფრით მგონია, რომ სხვაზე მაღლა ვდგავარ, ნებისმიერ მოქალაქეზე იმით, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს. ამან მათქმევინა ეს, ბუნებრივად მოვიდა ეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.