2020 წელს ხაშურს 13 კმ-იანი შემოვლითი გზა ექნება

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.
“ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად, ამ მონაკვეთების შემდეგ ვუახლოვდებით რიკოთის უღელტეხილს, სადაც მშენებლობა ასევე აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაერთდება არსებულ გზას.
ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები