დავით უსუფაშვილი: შეუძლებელია, ვინმე არ იყოს შეშფოთებული იმ მდგომარეობით, რაც ქვეყანაშია შექმნილი
“შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას მხარს უჭერს.
უსუფაშვილის თქმით, ამერიკელები იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც საქართველოშია შექმნილი ქართველი ხალხის გვერდით დგომას ცდილობენ.
“შეუძლებელია ვინმე არ იყოს შეშფოთებული იმ მდგომარეობით, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ამიტომ, ყველა შესაძლო არხით, ჩვენი მეგობრები ევროპელები, ამერიკელები ცდილობენ ამ მძიმე ვითარებაში იყვნენ ჩვენს გვერდით. ხელისუფლებები ვინც რჩევებს არ ითვალისწინებენ, ცუდად ამთავრებენ ხოლმე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ქართული რედაქციის “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“.