„ქარი მწყურია მე, პირდაპირი“ – მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლის ჩვენება გაიმართება

29 ნოემბერს,  18:00 საათზე, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში,
რუსთაველის თეატრის მსახიობისა და მხატვრული კითხვის ოსტატის, მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი  – „ქარი მწყურია მე, პირდაპირის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო საქველმოქმედოა და პატარა ანიტას დასახმარებლად ჩატარდება, რომელსაც  დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა.
კომპოზიცია რამდენიმე წლის წინ რუსთაველის თეატრში დაიდგა და ამ დრომდე ანშლაგით მიმდინარეობს.
მსახიობმა გალაკტიონ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, ტერენტი გრანელისა და სხვა პოეტების ლექსებით ერთი სპექტაკლი დადგა, სადაც მთლიანად გადმოსცა საკუთარი გრძნობები და საზოგადოებას ლექსების შინაარსი თავისებური ემოციით მიაწოდა.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილის – წელიწადის დროებისგან შედგება. წელიწადის დროებს უკავშირდებიან პოეტები.
გაზაფხულს -ტერენტი გრანელი,  ზაფხულს – გურამ რჩეულიშვილი, შემოდგომას აერთიანებენ – ტატო ბარათაშვილი, ტიციან ტაბიძე, ლადო ასათიანი, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე… ზამთარი კი  გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.
„ამ სპექტაკლით მინდა, ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას”- მურმან ჯინორია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები