პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს
პარლამენტში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.
საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
დეპუტატებმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურას სესიაზე მხარი დაუჭირეს, ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება სხვა საპარლამენტო კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი ბერაიამ დაიკავა, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს. პარლამენტის განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი იქნება.
აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12-მა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.