ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიაზე სიტყვით წარსდგება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

ორგანიზაციის სესიაზე ნათია თურნავას მოხსენებით გამოსვლაა დაგეგმილი, რომლის დროსაც მინისტრი საქართველოს პოტენციალზე და საზღვაო გადაზიდვის კუთხით მის კონკურენტულ უპირატესობებზე ისაუბრებს. ნათია თურნავა ყურადღებას საზღვაო სფეროში განათლების დამატებითი პროგრამების ინიცირებაზეც გაამახვილებს მათ შორის, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნაზე, ასევე უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების ლეგალური დასაქმების საკითხებზე.

ასამბლეის მსვლელობისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს უკვე შეხვდა, რომლის დროსაც თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე განიხილეს.
ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება და გერმანიისა და ბრაზილიის მხარეებთან მემორანდუმების ხელმოწერას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები