„ნენსკრა ჰესს“ სავარაუდოდ თურქული Limak-ისა და კორეული Hyundai E&C-ის კონსორციუმი ააშენებს
„ნენსკრა ჰიდროს“ საერთაშორისო ტენდერში, საუკეთესო საფასო შეთავაზება თურქული Limak-ისა და კორეული Hyundai E&C-ის კონსორციუმმა გააკეთა.
სს “ნენსკრა ჰიდრომ” ახალი გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერის პირველ ეტაპზე 3 პრეტენდენტი შეირჩა: თურქული ENKA-ს და კორეული Daelim-ის კონსორციუმი, თურქული Nurol-ისა და ესპანური Cobra-ს კონსორციუმი და თურქული კომპანია Limak-ი.
ტენდერის მეორე ეტაპზე, საუკეთესო საფასო შეთავაზების წარმდგენმა თურქულმა Limak-მა კონსორციუმში პარტნიორად კორეული კომპანია Hyundai E&C დაასახელა.
“ნენსკრა ჰიდრო” Limak -ისა და Hyundai E&C -ის კონსორციუმთან უკვე დასკვნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ხელშეკრულების პირობები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. საერთაშორისო ტენდერი პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, EIB) სტანდარტების შესაბამისად გამოაცხადა.