მერაბ ქვარაია: “ქართული ოცნების” ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება
პარტია “ქართული ოცნების” ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება,- ამის შესახებ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
ქვარაიას თქმით, სხდომაზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ინიციატივაზე, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.
“შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამ საკითხებზე, ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული ერთიანი პოზიცია.
მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განმარტა ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიციატივა წამოაყენა. დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.