იორდანიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

იორდანიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ ეტაპს, რომელიც იორდანიაში ქართული ისტორიული კვალის, კერძოდ, მდინარე არნონის ხეობაში ქართველთა „შიჰანის მონასტრის“ მოძიებას ისახავს მიზნად.
ისტორიული წყაროების მიხედვით, შიჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარსებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60 იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შიჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა. მონასტერმა XIII საუკუნემდე იარსება. მონასტრიდან შემორჩენილია რამდენიმე საეკლესიო ხელნაწერი.
მხარეებს შორის თანამშრომლობა და აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, საქართველოს საელჩოს ინიციტივით და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2019 წლის ივლისში თბილისში ხელი მოეწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სიძველეთა დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე მოხდება ისტორიული მდინარე არნონის ე.წ. ვადი მუჯიბის ხეობის, კარაკის რეგიონისა და მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა-დათვალიერება და სამომავლო არქეოლოგიური სამუშაოებისათვის სამიზნე ადგილის შერჩევა. დაზვერვით ექსპედიციაში ქართულ მხარესთან ერთდ მონაწილეობს იორდანიის სიძველეთა დეპარტამენტი. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული არიან იორდანიაში აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის ამერიკული ცენტრის ACOR-ისა და ამანის ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენელი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგები. მათ შორის ლევანტის რეგიონის ცნობილი ბერძენი არქეოლოგი დინო პოლიტისი. ექსპედიციაში ქართული მხარის მოწვევით მონაწილეობს ცნობილი გერმანელი არქეოლოგი პროფესორი რობერტ შიკი.
ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა იორდანიის სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან იეზიდ ელ-აიანთან, სადაც განხილული იქნა სამომავლო ერთობლივი სამოქმედო გეგმა. დელეგაცია ასევე მიიღო იორდანიის უნივერსიტეტის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა პროფესორმა მუჰამედ ადნან ბახიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები