ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სებ-მა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი დროულად უნდა გამოიყენოს, რათა ინფლაცია იქნას დათრგუნული და ლარის და ფასების სტაბილურობას პრობლემები არ შეექმნას.

როგორც პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ დაგვიანებით.

“ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნეს დათრგუნული და ლარის კურსი და ასევე როგორც გითხარით ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული,”- განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ცნობილია,სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა რაც მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები