ძველი თბილისის კვლევითი პორტალის წარდგენა გაიმართება

22 ნოემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, გიორგი ჭეიშვილის ტრილოგიის „1001 ზღაპარი საქართველოზე“ და ძველი თბილისის კვლევითი პორტალის – Madatovi.com.ge-ს წარდგენა გაიმართება.
„რა შეუძლია ერთ ადამიანს, გააკეთოს ქალაქის მეხსიერების შესანარჩუნებლად, რა დეტალებს მალავს მეხსიერების ნაკადებით დასერილი ქალაქი და როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გაქრობას ქალაქის მეხსიერების მივიწყებული კუნძულები?!
რა კავშირში შეიძლება იყოს მეტეხის ციხის კედელზე ამოკაწრული გვარები სასტუმროსთან, სადაც ედვარდ მუნკის „მადონა“ მოკლეს; რას ჰპარავდნენ ტფილისელები გერმანელ კოლონისტებს; სად იმართებოდა „მხეცთა საჩვენებელი“; რა ტექნიკას იყენებდნენ ტფილისელი კრიმინალები; რატომ არ გაევლებოდა პატიოსან კაცს მუშტაიდის ახლოს, სადაც „ჩვენი მანდილოსნები ღამის 11-12 საათამდე „შავ პივას“ შეექცეოდნენ“… და ა. შ.
ქალაქის დაკარგული მეხსიერების კუნძულების ძებნა ყველგან შეიძლება: წიგნებში, ფოტოებში, ნახატებში, კინოფილმებში, სადარბაზოებსა თუ ბებია-ბაბუის მოთხრობილ ისტორიებში, თუმცა მრავალეთნიკურ, ჭრელ, ერთდროულად – ევროპულ და აზიურ ქალაქში მომხდარ ამბებს, ყველაზე უკეთ, ტფილისში მცხოვრებ რიგით ადამიანებს თავსგადამხდარი უჩვეულო ისტორიები ინახავს.
სწორედ ამ ისტორიების გაცოცხლება, მეხსიერების გამქრალი კუნძულების აღმოჩენა და აღდგენა აყალიბებს კიდეც ქალაქის მეხსიერების ერთიან არქიპელაგს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: ივანე მაჩაბლის #13

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები