რუსეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარე – საქართველო საერთაშორისო ბაზარზე გენადი ონიშჩენკოს რჩევის წყალობით გავიდა

რუსეთში ღვინის ბაზარზე რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. სახელმწიფო დუმა 19 ნოემბერს კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ქვეყანაში იაფფასიანი და უხარისხო ღვინის იმპორტს აკრძალავს. რუსულ სახელწოდებას მხოლოდ ის ღვინო მიიღებს, რომელიც ადგილობრივი ყურძნისგან იქნება დამზადებული.

საკითხზე საუბრისას რუსეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარემ დიმიტრი კისელიოვმა კანონპროექტის შესაძლო მიღებას რევოლუციური გადაწყვეტილება უწოდა.

ამასთან, კისელიოვმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა მოლდოვამ და საქართველომ ღვინის შესახებ კანონი უკვე მიიღეს, და ამ რესპუბლიკებში ღვინოსთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდა.

მისი თქმით, საქართველოში ღვინის შესახებ კანონი „როსსელხოზნადზორის“ ყოფილი ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს ინიციატივით იქნა მიღებული.

„თავის დროზე, როდესაც მოლდოვადან და საქართველოდან უხარისხო ღვინო შემოდიოდა და მერე აიკრძალა, ონიშჩენკომ თქვა: “ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, მიიღეთ კანონი ღვინის შესახებ, რომ ვიცოდეთ, როგორ რეგულირდება თქვენი დარგი. ეს ძალიან დაგეხმარებათ“. ეს ბრძენი ადამიანის რჩევა იყო, რომელიც მათ გაითვალისწინეს და ამის წყალობით საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა მოახერხა, მოლდოვამაც. სხვა საკითხია, რომ საერთაშორისო ბაზრები ქართული ღვინით უკვე გადავსებულია. საქართველომ კარგი შედეგი აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის დიდი ნაწილი რუსეთშია ექსპორტირებული. ვფიქრობ, ქართული ღვინის გარეშეც მარტივად ვიცხოვრებდით, ჩვენი ხარისხიანი ღვინო რომ გვქონდეს. ზუსტად ამაზეა მიმართული კანონი“,-განმარტა კისელიოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები