„გამარჯობა, ქარი ქრის“ – ტონინო გუერასადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას მისი მეუღლე დაესწრება

20 ნოემბერს, 19:00 საათზე,  საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, მიხეილ მრევლიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – „გამარჯობა, ქარი ქრის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმი ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს – ტონინო გუერას, მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მიხეილ მრევლიშვილისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ.
ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო და მისი სათაური „გამარჯობა, ქარი ქრის“ ტონინო გუერამ თბილისში, 2000 წელს, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ მასტერკლასზე გააჟღერა. ფილმში ასევე წარმოდგენილი არიან ტონინო გუერას თანამოაზრეები, რომლებიც მასთან სხვადასხვა დროს მუშაობდნენ და რომელთა მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დაამჩნია თანამედროვე მსოფლიო კულტურას: ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როზი, პაოლო და ვიტორიო ტავიანები, ჯუზეპე ტორნატორე, ვიმ ვენდერსი, თეო ანგელოპოლუსი, კარლა ფრაჩი. ფილმში ასევე მონაწილეობენ მაესტროს ვაჟი – კომპოზიტორი ანდრეა გუერა და მეუღლე – ლორა გუერა.
ფილმის წარდგენას ტონინო გუერას მეუღლე – ლორა გუერა დაესწრება.
ჩვენების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და იტალიის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები