„ვეფხვაძეები – მხატვართა ოთხი თაობა“ – გამოფენა გაიხსნება

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოფენა „ვეფხვაძეები – მხატვართა ოთხი თაობა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის ოთხივე თაობის – ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძისა (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები და სხვა.
გაიმართება ორენოვანი კატალოგის წარდგენაც, რომელიც მხატვართა ოთხივე თაობის შემოქმედებას აერთიანებს და რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა.
„არათუ ქართულ რეალობაში არამედ მსოფლიოშიც, იშვიათია, ერთ გვარში ოთხი თაობა მხატვრობას მისდევდეს. თამამად შეიძლება ითქვას რომ ვეფხვაძეთა საგვარეულომ ქართულ მხატვრობას გამორჩეული, ეროვნული სულისკვითებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გაჯერებული ხელოვნების თავისებური მიმდინარეობა აჩუქა… თუ ისტორიული მხატვრობის, ბატალური სცენებისა და ღირსსახოვარ მოვლენათა ტილოზე გადმოტანის სიმწირეს გავითვალისწინებთ, ადვილად მივხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია ვეფხვაძეთა საგვარეულოს წვლილი ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში.
ვეფხვაძეების გვარს ტრადიციად ექცა სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად ტილოზე გაეცოცხლებინა საქართველოს წარსულის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ისტორიული პირი. ამ მხრივ გვარში უპირველესი ივანე ვეფხვაძე იყო (1888-1971) რომლის გზაც ვაჟმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) განაგრძო და საქართველოს ისტორიას არაერთი მონუმენტური ტილო უძღვნა.
ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია ჯოვანი ვეფხვაძის (1949-2016) წვლილი, მხატვარმა თავის შესანიშნავ, განუმეორებელი კოლორიტით გაჟღენთილ ტილოებში ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავალი, დაგვანახა წარსულის ხიბლი და ეპოქის მცხოვრებთა სულისკვეთება. მამის გზას ასევე ღირსეულად აგრძელებენ მხატვრის შვილები – ბრუნო და დომენიკა ვეფხვაძეები“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 კვირა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები