კომპოზიტორი და მხატვარი ბავშვური ჟინით, რომლის ჯილდოებშიც  ელტონ ჯონის დიდი სათვალე განსაკუთრებით ძვირფასია

თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს დაამთავრა. 1979 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და 1987 წელს – საკომპოზიციო ფაკულტეტი.
სტაჟირება გაიარა BBC-ის ტელერადიო კომპანიაში, რადიომენეჯმენტის განხრით.
იყო საქართველოს ფილარმონიის პიანისტი–სოლისტი, კონცერტმაისტერი, პარალელურად, საქართველოს ტელევიზიის საესტრადო – სიმფონიური ორკესტრის, დირექტორი, საქართველოს ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, საქართველოს ტელერადიო სიმფონიური საესტრადო ორკესტრის მომღერალი…
სხვადასხვა სამსახური ჰქონდა – ფილარმონიის პიანისტ სოლისტიდან „ევრიკას“ გადაცემის წამყვანობამდე და რედაქტორობამდე …
უამრავი საინტერესო მოგონება აქვს გასახსენებელი… თუნდაც ის, თუ როგორ დაუკავშირდა მისი ცხოვრება ელტონ ჯონს… ელტონ ჯონის 50 წლის საიუბილეო დღეებში ფანკლუბის მიწვევით ინგლისში იმყოფებოდა, სადაც მოხიბლა იქაური მსმენელი. ლედი დიანას ტრაგიკული გარდაცვალებით შთაგონებულმა კი შექმნა მისდამი მიძღვნილი სიმღერა „Lady Diana“…
არის, როგორც კლასიკური ნაწარმოებების, ასევე, უამრავი სიმღერისა და რომანსის ავტორი. ამავდროულად, ხატავს და უკვე პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. გაისად, 65 წლის საიუბილეოდ, გეგმავს შემოქმედებით საღამოებს, პერსონალური გამოფენას…
კომპოზიტორის, პიანისტის, მომღერლის, მხატვრის, პედაგოგის, ჟურნალისტის – ოთარ ტატიშვილის პერსონა.

 

– ბავშვობიდან ხატვა და მუსიკა ერთნაირად გიტაცებდათ. ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდით…
– ფიროსმანის ქუჩაზე 6 წლის ასაკამდე ვცხოვრობდით. ეს ბოლო სახლი იყო ამ ქუჩის განაპირას, ვაგზლის მოედანთან მიმდებარე №33 ნომერში, რომელიც ახლა აღარ არსებობს. 3-4 წლის ასაკში რომ ვიყავი, ფორტეპიანო არ გვქონდა. ჩვენს სამეზობლოში ჩიქოვანების შეძლებულ ოჯახს ჰქონდათ ფორტეპიანო და, როგორც ჩანს, მუსიკისადმი ლტოლვა უკვე მაშინ გამოვავლინე. ოჯახის დიასახლისს, ქსენია დეიდას რომ ვესტუმრებოდი, ხელს გადამბანდა და ისე დამსვამდა ხოლმე ინსტრუმენტთან.
რკინიგზელთა მე-4 საბავშვო ბაღში დავდიოდი, სადაც ახლა მუსკომედიის თეატრია, ზუსტად იმის წინ იყო. რკინიგზელები იყვნენ: დედის მამა ბაბუაჩემი გზის უფროსის მოადგილე გახლდათ, ლენინის ორდენოსანი და დედაც – საპატიო რკინიგზელი. ბაღში ყოფნისა, მასწავლებლები ეუბნებოდნენ დედას – აი, ნახავთ თქვენი შვილი სამომავლოდ როგორ გაითქვამს სახელსო. ვხატავდი კარგად და მუსიკალურობითაც გამოვირჩეოდი.
7 წლის რომ გავხდი, უკვე ახალ ბინაში გადავედით საცხოვრებლად, წერეთლის გამზირზე, დიდუბეში.
დედა ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. ლექსებს წერდა, სიმღერებს საკუთარ ლექსებზე, მის ერთ-ერთ სიმღერას, სხვათა შორის, ეთერ ჭელიძეც ასრულებდა. ცოტას ხატავდა კიდეც და რაც მთავარია, სერიოზული მონაცემები ჰქონდა ვოკალში და ამ ხაზით ვითარდებოდა მუსიკალურ სასწავლებელში. მოგვიანებით, მუს-კომედიის თეატრშიც მიიწვიეს, სადაც მთავარ პარტიებსაც ასრულებდა. შემდეგ რკინიგზელთა ჯაზ-ორკესტრის სოლისტი გახდა, რომელსაც კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს კოლექტივი ხშირად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში წარმატებით. დედა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც მ. ჩირინაშვილის ლეგენდარულ სიმღერას „ყვავილების ქვეყანას“ ასრულებდა და ამ სიმღერის რუსული ტექსტის პირველი ვერსიის ავტორიც კი იყო. სამწუხაროდ, ყელის ქრონიკული კატარის გამო, სიმღერას თავი დაანება.
დედას ძალიან უნდოდა, რომ ხელოვნებას გავყოლოდი. უხაროდა ჩემი ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო წარმატება. ყველანაირად მიწყობდა ხელს.
მამაც ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, ხატავდა, სმენაც კარგი ჰქონდა და გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოებული. თავისით აწყობდა ფორტეპიანოზე მელოდიებს, თუმცა მუსიკალური განათლება არ ჰქონდა. მამაჩემის ძმა, ბიძაჩემი ამირანი სერიოზული მხატვარი იყო. მამა დიდად არ ერეოდა ჩემი სწავლა-განათლების საკითხებში. ბებიაჩემი, მამის დედა ელენე ჩუბინიშვილი, თავის დროზე ხატელიშვილის ანსამბლში მღეროდა. ბაბუაჩემი, დედის მამა, შესანიშნავად მღეროდა და ლექსებსაც წერდა.
აქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლაში სწავლობდით
– ადრე ჩავირიცხე წარმატებით და საშუალო 24-ე სკოლასთან ერთად პარალელურ კლასში ვსწავლობდი.  მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ოლღა მიმინოშვილი, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ყველა ბავშვს, მეზარებოდა გულმოდგინედ მეცადინეობა და ვზარმაცობდი. სმენით კარგად ვუკრავდი და შემეძლო, ყურით ნოტების გარეშეც, გამერჩია ნებისმიერი ნაწარმოები. ალბათ, ამიტომ გამომარჩევდა სხვებისგან…
საშუალო სკოლაშიც ხელოვნების გაკვეთოლებზე, ვძერწავდი, ვხატავდი, ვუკრავდი და ხშირად ვასახელებდი ხოლმე სკოლას სხვადასხვა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე.
ჩემი  სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ლეგენდარული პედაგოგი, ლია გაჩეჩილაძე, ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო. ლია მასწავლებელი საოპერო ნომრებსაც კი გვადგმევინებდა და ხშირად მე მსვამდა კონცერტმაისტერად, თვითონ კი უძღვებოდა გუნდს. მისი აღზრდილები ვიყავით – პაატა ბურჭულაძე, გოგი დოლიძე, ზაზა მამალაძე, ნაირა გლუნჩაძე, მაია დათუნაშვილი და სხვები.
მაინც მუსიკამ გძლიათ და თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრეთ…
– მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ, სერიოზული მზადება დავიწყე მუსიკალურ სასწავლებელში ჩასაბარებლად. როცა დიდი კომპოზიტორების შედევრებს ვეზიარე და შევიგრძენი მათი სიდიადე, მაშინ მუსიკა გახდა ჩემი კერპი. მყავდა შესანიშნავი პედაგოგი, ბალანჩივაძის სახელობის მე-3 მუსიკალური სასწავლებლის ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი თამარ  რუსიშვილი.
ის ძალიან მკაცრი და მომთხოვნი აღმოჩნდა, ცოტა მეშინოდა კიდეც მისი. სამაგიეროდ, ისე მომამზადა, რომ ბრწყინვალედ ჩავაბარე სასწავლებელში.  ისე მოხდა, რომ სწავლა განვაგრძე ლეგენდარულ პედაგოგთან, ქალბატონ ქსენია ჯიქიასთან. ის მაკვირდებოდა და თავის კლასში ამიყვანა. ქსენია ჯიქია ჰენრიხ ნეიგაუზის მოწაფე იყო  და მისი ახლო მეგობრები  იყვნენ: სვიატოსლავ რიხტერი, ემილ გილელსი, ყველა ის ბუმბერაზი მუსიკოსი, რომლებიც ქალბატონ ქსენიასთან ერთად სწავლობდნენ მოსკოვის კონსერვატორიაში.
სასწავლებელში ჩაბარებამდე,  ხატვითაც ვიყავი გატაცებული,  დავდიოდი შესანიშნავი ქართველი მხატვრის, ეკატერინე ბაღდავაძის სახელოსნოში, მაგრამ ალბათ ეს ჩემი ბედი იყო, მუსიკამ რომ მძლია. ჩავირიცხე კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტზე და განვაგრძე სწავლა ისევ ქსენია ჯიქიას კლასში.
კონსერვატორიაში ორჯერ ჩააბარეთ…
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშიც არ ვივიწყებდი ჩემს გატაცებას, ვსწავლობდი სახვითი ხელოვნების მეორადი ფაკულტეტზე, რომელსაც შესანიშნავი ქართველი მხატვარი გივი ცერაძე ხელმძღვანელობდა.
კონსერვატორია პირველად, 1979 წელს, როგორც პიანისტმა, წარმატებით დავამთავრე, გავხდი ფილარმონიის სოლისტი. ბევრს ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის  სხვადასხვა მხარეს, ცნობილ შემსრულებლებთან ერთად.
თანამედროვე პოპულარული მუსიკა ისევე მიტაცებდა, როგორც კლასიკა. 70-იან წლებში მსოფლიო მუსიკალური გადატრიალება მოხდა პოპმუსიკის ჟანრებში. ქვეყნიერებას მოევლინნენ გენიალური მუსიკოსები, რომლებმაც ახლებური ხედვით და პროგრესული ხერხებით დაგვაწყებინეს აზროვნება.
შეუძლებელი იყო ამის მიღმა დარჩენა, ამიტომ მეც გამიტაცა ამ ტალღამ, ბევრს ვისმენდი, თავად სმენით ვასრულებდი საუკეთესო ნიმუშებს, ვმღეროდი ჯაზურ იმპროვიზაციებს, ვუკრავდი ნიჭიერ მეგობარ მუსიკოსებთან ერთად.  შევქმენი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „მერანი“, რომელიც ჩემი ლაბორატორია გახდა ექსპერიმენტებისთვის. არაპროფესიონალი ნიჭიერი მუსიკოსები მოვიწვიე და რამდენიმე თვეში, დიდი შრომისა და მონდომების ხარჯზე, კარგ შედეგებს მივაღწიეთ. წარმატებით გამოვედით ბიჭვინთის ფესტივალზე, რის შემდეგაც ხშირად გვიწვევდნენ ცენტრალური ტელევიზიის ახალგაზრდულ გადაცემებში.
მოგვიანებით ანსამბლი დაიშალა სხვადასხვა მიზეზის გამო. დედის დაჟინებული თხოვნით, მეორედ ჩავაბარე კონსერვატორიაში, ამჯერად – კომპოზიციის მიმართულებით. ვამაყობ, რომ მყავდა საუკეთესო, ბუმბერაზი პედაგოგები: დავით თორაძე, სულხან ცინცაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, შოთა მილორავა, ნოდარ მამისაშვილი.
თქვენს სადიპლომო ნამუშევარს, საფორტეპიანო კონცერტს, 1987 წელს სსრკ საკავშირო კონკურსზე მოსკოვში, სიმფონიურ ჟანრში უმაღლესი პრემია მიენიჭა
– 1987 წელსვე, რუსთაველის თეატრში ჩატარებულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე თავად შევასრულე ტელე-რადიო კომიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. ამავე წლებში ტელევიზიაში მიმიწვიეს და წლების მანძილზე ვუძღვებოდი კომიტეტის საესტრადო- სიმფონიურ ორკესტრს, მოგვიანებით კი – სიმფონიურ ორკესტრს.
არასდროს ყოფილხართ ეპატაჟური და იაფფასიანი პოპულარობის მიმდევარი
– ვწერდი ნაკლებად კომერციულ, ხშირად – მასისთვის რთულად აღსაქმელ მუსიკას, ფანოღური რეპერტუარი ყოველთვის მაღიზიანებდა. დღეს ჩემი სიმღერები თითქმის ყველა ცნობილი შემსრულებლის რეპერტუარშია შესული. ბევრი მათგანი საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს „ოქროს ფონდში“ შევიდა.
სხვადასხვა სამსახური გქონდათფილარმონიის პიანისტ სოლისტიდანევრიკასგადაცემის წამყვანობამდე და რედაქტორობამდე
ბევრი ვიმოგზაურე კონცერტებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჩემს ცნობილ კოლეგებთან ერთად, საესტრადო ჟანრის ხაზით. მთელი წიგნი დაიწერება იმ პერიოდის თავგადასავლებზე. მაქვს პედაგოგიური სტაჟი. ვასწავლიდი ფორტეპიანოს და საესტრადო ვოკალს, სხვადასხვა სასწავლებელსა და ინსტიტუტში. ჩემი გაზრდილები და სტუდენტები იყვნენ: ქეთა თოფურია, მარიკო ებრალიძე, ელენე ფოჩხუა და ბევრი სხვა.
წლების მანძილზე ვმუშაობდი სახელმწიფი ტელე-რადიო კომიტეტის (ახლა უკვე საზოგადოებრივი ტელევიზიის) სხვადასხვა თანამდებობაზე… 90-იანი წლების პირველი ნახევარი უმძიმეს განსაცდელად იქცა ქართველი ერისთვის. 9 აპრილის მოვლენები, შემდეგ – ომი აფხაზეთში. ალბათ სწორედ ეს წლები იყო ყველაზე მძიმე როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც და ბუნებრივია, ამან ჩემს შემოქმედებაზეც მოახდინა ზეგავლენა. 9 აპრილს მიეძღვნა სიმღერა – „გვფარვიდე, უფალო“, ირმა გურიელის ლექსზე, აფხაზეთის თემას „გულს ნუ გაიტეხთ, ქართველნო“ (ჰერიო), „ვედრება“ და სხვა.
სირთულეების მიუხედავად, მაინც ხდებოდა შემოქმედებითად ბევრი საინტერესო რამ. ქართველები შემართებას დიდი ხნით ვერ ელევიან და ალბათ სწორედ ამან მოგვიყვანა დღემდე.
90-იანი წლების მეორე ნახევარში ცენტრალური ტელევიზიის პარალელურად, მიმიწვიეს რადიო „ევრიკაზე“ წამყვანად. ხშირად, ღამისთევით მიწევდა მუშაობა პირდაპირ ეთერში და ვცდილობდი, საინტერესო მუსიკალური მასალა მიმეწოდებინა ჩემი მსმენელისთვის.
გაიარეთ სტაჟირება BBC-ის  ტელერადიოკომპანიაში რადიომენეჯმენტის განხრითსწორედ იმ პერიოდში დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ელტონ ჯონსალბათ მაშინდელმა წარმატებებმა რადიკალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება
– ვერ ვიტყოდი, რომ რადიკალურად შეიცვალა.უბრალოდ ეს კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. ჩემმა კოლეგებმა,მანანა ხვედელიძემ და დოდო შონავამ, უზრუნველყვეს ჩემი სტაჟირება  TACIS-ის საერთაშორისო პროგრამით დიდ ბრიტანეთში.
გავიარე ტესტირება მოსკოვის ერთ-ერთ მართვის უნივერსიტეტში. ვემზადებოდით რამდენიმე თვე მოსკოვში და შემდეგ ბელგიაში.
დიდი ბრიტანეთი ყოველთვის  მხიბლავდა  როგორც ზოგადი, ასევე, თანამედროვე მუსიკალური ტრადიციებით. ამიტომ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რო სტაჟირებისთვის, სწორედ ბრიტანეთში, BBC – ში გავემგზავრე.
ჩემი ხელმძღვანელი და მასპინძელი გახლდათ ფრენკ უილიამსი. ასე აღმოვჩნდი ამ  კომპანიის ოქსფორდისა და, მოგვიანებით, ლონდონის განყოფილებაში.
ერთხელ, ოქსფორდის რადიო ერთეულში ყოფნისას, ჩემთვის ვუკრავდი, როგორც მეგონა, უკაცრიელ სტუდიაში, სინთეზატორზე.   სადაც ვიყავი ბინაზე გაჩერებული, იქ ინსტრუმენტი არ მეგულებოდა. არადა, მომენატრა დაკვრა და ამ სტუდიაში რაღაც იმპროვიზაციების შესრულება დავიწყე. თურმე, კომუნიკაციები ჩართული ჰქონიათ და ყურადღებით მისმენდა სტაფი.
როცა დავასრულე დაკვრა, ტაში შემოჰკრეს და დინამიკებში რომ გავიგონე ტაშის ხმა, შევცბი, არ ველოდი ამას.
ერთ-ერთმა ცნობილმა წამყვანი  შემოვიდა სტუდიაში, მომმართა: ნახევარ საათში პირდაპირ ეთერში უნდა გავიდეთ ჩემს გადაცემაში და ვისაუბრებთ საქართველოზე, შენთან დაკავშირებულ თემებზეო. უნდა დაუკრა პირდაპირ ეთერშიო…
შევიცხადე: რას ამბობთ-მეთქი, ვიუარე, ასე მოუმზადებლად ვერაფრით  გავალ, თან ინგლისური ისე სრულყოფილად არ ვიცი, რომ რადიოში სხაპასხუპით ვისაუბრო-მეთქი. არაფერია სანერვიულო, გადადი ახლა პაბში, ერთი კათხა ლუდი მიირთვი, დამშვიდდები და გელოდები, უკვე დავაანონსეთო. რაც მოვისმინეთ, მოგვწონს და გვაკმაყოფილებსო.  ცხადია, მესიამოვნა, მაგრამ  ვნერვიულობდი. მართლაც, მშვენივრად აეწყო გადაცემა, ვილაპარაკე საქართველოზე, ჩვენს ტრადიციებზე, რამდენიმე ჩემი ინგლისურენოვანი სიმღერა გავიდა ეთერში და ცოცხლადაც შევასრულე რამდენიმე კომპოზიცია. იყო უამრავი ზარი მსმენელისგან. გადაცემა ერთ საათამდე გაგრძელდა. სხვათა შორის, მე პირველი სტაჟიორი ვიყავი BBC-ში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან.
BBC- ში სტაჟირების დროს შეხვდით გია ყანჩელ
– არ შემიძლია, არ გავიხსენო შეხვედრა გია ყანჩელთან ლონდონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზში, სადაც მსოფლიო დონის მევიოლინის, გვიდონ კრემერის მონაწილეობით ბატონი გიას შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. დარბაზი გადაჭედილი იყო ბრიტანეთის ელიტარული პუბლიკით. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც დიდი კულტურის მქონე უცხო ქვეყანაში ჩემი სახელოვანი თანამემამულის ესოდენ დიდი წარმატების მომსწრე გავხდი.
მას თავს ეხვეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები, სთხოვეს ინტერვიუ, მაგრამ ყველას უარი უთხრა ჩემ გარდა და დამთანხმდა ინტერვიუზე. იქვე, მიმდებარე კაფე-ბარში დავსხედით – ბატონი გია, მისი შესანიშნავი მეუღლე ქალბატონი ლილია და მე. კარგა ხანს ვისაუბრეთ…
ინგლისიდან ბელგიაში უნდა ჩავსულიყავი პროგრამის პირობით, იქ TACIS-ის მთავარი შტაბი იმყოფებოდა და, სტაჟირების დამთავრების შემდგომ, ყველა სტაჟიორი იქ უნდა ჩავსულიყავით და წერილობითი ანგარიში ჩაგვებარებინა. ეს რომ მოვახსენე ბატონ გიას, მითხრა, აუცილებლად მესტუმრე ანტვერპენშიო. იმ პერიოდში ბატონი გია უკვე გადასული იყო იქ საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ვეღარ შევძელი ჩემთვის მოუხერხებელი განრიგის გამო სტუმრობა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ.
ლონდონში შეხვდით და ინტერვიუ ჩაწერეთ BBC- რუსულენოვან ლეგენდარულ წამყვანთან სევა ნოვგოროდცევთან
– მას ჯერ კიდევ  70-იან წლებში, ვუსმენდით როკ-მუსიკის მოყვარული ახალგაზრდობა, ხარვეზებით დაჭერილ რადიოტალღებზე.  სევას როკ-მუსიკის თემებზე ჰქონდა გადაცემები და მისგან ვიგებდით ჩვენი კუმირების სიახლეებსა და ჩანაწერებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მისი ახლოს გაცნობა და მითუმეტეს, მისგან ინტერვიუს ჩამორთმევა. ის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, ბევრი საგულისხმო  რჩევა მომცა ზოგადად, რადიომენეჯმენტის თვალსაზრისით. მერე, მოგვიანებით, თბილისში რომ დავბრუნდი, ეს ორივე ინტერვიუ გამოვაქვეყნე პრესაში.
ელტონ ჯონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფანკლუბიდან მიწვევა მიიღეთ, როგორც წევრმა და შემსრულებელმაამ დღისთვის სიმღერა დაიწერა
– სიმღერა „Happy birthday dear Elton“, ბუნებრივია, ელტონს ეძღვნებოდა და საღამოზე, რომელიც გაიმართა, სტუმრების მიღება ელტონისადმი მიძღვნილი ჩემი სიმღერის შესავლის ფონზე ხდებოდა. ცხადია, ეს ძალიან სასიამოვნო შტრიხი იყო ჩემთვის.  აქვე შევხვდი ელტონ ჯონის ფანკლუბის  ხელმძღვანელს ჯორჯ მეტლოკს, გადავეცი ჩემი ახალი ჩანაწერების დისკი და მათ შორის ელტონისადმი მიძღვნილი ეს სიმღერაც, რა თქმა უნდა.
ჯორჯმა, შემდგომ,   ჩემი მუსიკა ღონისძიების სცენარისთვის გამოიყენა. ფანკლუბის ხელმძღვანელები სტუმრების ერთმანეთთან წარდგენით დაკავდნენ. დადგა ჩემი ჯერიც, მივესალმე საზოგადოებას რამდენიმე წინადადებით. მანამდე კი მეტლოკმა მოახსენა მათ, რომ მე შევქმენი დღევანდელი დღისთვის სპეციალურად სიმღერა, რომელიც ელტონს ეძღვნებოდა. ეს სიმღერა იმ საღამოს ცოცხლად შევასრულე და  ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად, ზოგი ტიროდა კიდეც… სიმღერის ტექსტი გახლავთ თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ ლელა ებრალიძის.
იმ საღამოს კიდევ ბევრი ნაწარმოები შევასრულე, ზოგი ელტონ ჯონის, ზოგიც – ჩემი და ჯორჯ მეტლოკმა, მახსოვს, უამრავი საჩუქარი მომართვა კლუბის სახელით. მათ შორის იყო, სწორედ, ელტონ ჯონის დიდი, ვეებერთელა სათვალეც.
უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი მაშინ.
ვიყავი ლონდონის გარეუბან პინერში მდებარე, დღეს უკვე ლეგენდარულ პაბკლუბ „Northwood Hill“-ში, სადაც ახალგაზრდა ელტონი,  რამდენიმე წელიწადს უკრავდა და მღეროდა მთელი საღამო, სულ 1 ფუნტის საფასურად. იქ ისევ იდგა ის ინსტრუმენტი და პაბის ერთგული ვიზიტორებიც იქ იმყოფებოდნენ. ზოგიც – ღრმად მოხუცი, რომლებსაც ახსოვდათ ახალგაზრდა  ელტონის ამ კლუბში გამოსვლები.
იქვე ჩამატარებინეს კონცერტი, 10-მდე  კამერით მიღებდნენ და აღფრთოვანებულნი მისმენდნენ. იქ მიღებული წესისამებრ შემოიტანეს,  ლარნაკი ფულის შესაგროვებლად და დაიწყეს საკმაოდ დიდი კუპიურების ჩაყრა. ასე მოგროვდა სოლიდური ჰონორარიც, რომელსაც სულ არ ველოდი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უოტფორდის კლუბის ფეხბურთელები. ამ საფეხბურთო გუნდს, თავის დროზე, ელტონ ჯონი ასპონსორებდა წლების მანძილზე, როგორც სპორტის დიდი ქომაგი. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, თავისი საფეხბურთო გუნდის ორიგინალი მაისური მისახსოვრა, ხოლო კლუბის, ანუ პაბის მმართველებმა, რომელშიც ვუკრავდი, კლუბის მაისური.
ელტონ ჯონს, სამწუხაროდ, ვერ შევხვდი, არ იმყოფებოდა ქვეყანაში, თუმცა ვინძორში ვიყავით და ვნახეთ მისი არაჩვეულებრივი სასახლე, ზღაპრული ბაღითა და ეგზოტიკური მცენარეებით.
ლედი დიანას ტრაგიკული გარდაცვალებით შთაგონებულმა შექმენით მისდამი მიძღვნილი სიმღერა „Lady Diana“…
– დიახ, ერთ თვეზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა მსოფლიოს მედიამ თავზარდამცემი ინფორმაცია გაავრცელა – ლედი დიანას უეცარი დაღუპვის შესახებ ავტოკატასტროფაში. ამ მოვლენამ შესძრა მთელი მსოფლიო.  ელტონის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ლედი დიანა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. მთელმა მსოფლიომ გამოიტირა ლედი დიანა და მის პომპეზურ დაკრძალვაზე ვესტმინსტერში, მხოლოდ ელტონ ჯონმა შეასრულა მისდამი მიძღვნილი სიმღერა – „Goodbye England Rose“.
ეს სიმღერა 1974 წელს შექმნა და პირველად მერლინ მონროს მიუძღვნა სხვა ტექსტითა და სათაურით „Candle In The Wind“. რომ ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა ჟურნალისტებს: – მერლინიც და დიანაც – ორივე საზოგადოებისა და მედიის მსხვერპლი იყ0, ამიტომ შევცვალე მხოლოდ ტექსტი და მუსიკა იგივე დავტოვეო.
ტექსტი ეკუთვნის მის ერთგულ და სტაჟიან შემოქმედებით პარტნიორს, ბერნი ტოპინს. იცით, რომ სიმღერა არნახული სისწრაფით და მასშტაბით გავრცელდა მსოფლიოს ბაზარზე და მოკლე ხანში ავტორს 60 მილიონი ევრო მოუტანა.
ეს თანხა ელტონ ჯონმა მთლიანად ლედი დიანას სახელზე შეიტანა მისივე სახელობის ფონდში. ამასობაში უკვე დაწყებული მქონდა ფანკლუბის პროექტის განხორციელება, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე. ტექსტებს და ფონოგრამებს ვაგზავნიდით ბრიტანეთში. ლედი დიანას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მეც შთამაგონა, შემექმნა მისდამი მიძღვნილი სიმღერა „Lady Diana“, რომლის შესანიშნავი ტექსტი კვლავ ლელა ებრალიძემ დამიწერა. ჯორჯ მეტლოკს  ამ კომპოზიციის შეტანაც შევთავაზე დისკზე, რომელზედავ ვმუშაობდით. თავიდან ტაქტიანი უარი მითხრა იმის შიშით, რომ ეს, შესაძლოა, პრეტენზიულ განაცხადად ჩამოგვრთმეოდა, თუმცა, სიმღერის მოსმენის შემდეგ, აღფრთოვანებულმა ამირეკა ლონდონიდან და წინასწარ მომილოცა სიმღერისა და დისკის წარმატება. ამავე დისკზე დატანილია ელტონ ჯონის „ჰერკულესის“ ჩემეული ვერსია. სწორედ ამ ვერსიის ფონზე იხსნებოდა წლების მანძილზე ფან-კლუბის ოფიციალური  ვებგვერდი. დისკის გამოსვლა რეზონანსული გამოდგა. მაშინ ბევრი ადამიანი მწერდა…ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენმათ კვარტალურ ჟურნალ „HERCULES“-ის ნომრებშიც თქვენზე იბეჭდებოდა ფანების წერილებიდან ამონარიდები, იწერებოდა სტატიები სურათებით
– გამოცემული ალბომიდან სიმღერებს ახლდა ანოტაცია. „Lady Diana”-ზე დაწერეს, რომ ეს ცრემლების მომგვრელი ჭეშმარიტი შედევრია, რომელსაც დრო სჭირდება, რომ ხალხმა აღიაროსო. ასევე ჩემს ერთ-ერთ ინგლისურენოვან სიმღერაზე – „SOMETIMES” დაწერეს, ეს რომ ელტონ ჯონს ან სხვა მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსს შეექმნა, მსოფლიო ჰიტი გახდებოდაო.
– 21- საუკუნე სიახლეების საუკუნეაარა მხოლოდ მუსიკაში, ხელოვნების ყველა სფეროში უამრავი ნაწარმოები იწერება, თუნდაც ესტრადა ავიღოთამავე დროს, არაპროფესიონალიზმი მოგვეძალაესტრადას ადრე კორუმპირებული უწოდეთსაით მიდის ტენდენციებითუ არის უკეთესობა?
– პოსტმოდერნის პრინციპები, უფრო სწორად კი ვიტყოდი, ფსევდოპოსტმოდერნისტული, პრინციპებისა და საყრდენების უარყოფა, „სიახლის ძიების“ სახელით  ყველაფრის დაშვება და დამკვიდრება, ზღვარგადასული თავაშვებულობა „თავისუფლების“ სახელით, ანადგურებს დღემდე მოტანილ ესთეტიკას. ხელოვნების დიალექტიკის კანონზომიერება და ბალანსი ერთგვარად ამოვარდნილია კალაპოტიდან და ვფიქრობ, არაჯანსაღი მუტაციის ფაზაშია გადასული. ყველაფერი დასაშვები და ძალით მოსაწონი ხდება. მე ვიტყოდი – ფსევდო მეტრები თავს ახვევენ საზოგადოებას უსახურ, არაფრისმთქმელ და არაფრის მომცემ, ხშირად – სიმახინჯისა და ვულგარულობის,  უგემოვნობის ნიმუშებს სახვით ხელოვნებაში, მუსიკის სხვადასხვა ჟანრში, თეატრალურ, ლიტერატურულ სფეროებში და, როგორც ჩემი მეცნიერი მეგობრები ამბობენ, თქვენ წარმოიდგინეთ, მეცნიერებაშიც. კაცობრიობა ერთგვარ ჩიხშია. ასეთი მომენტები ახსოვს ისტორიას, ეპოქალური ძვრების და სერიოზული სოციალური ცვლილებების ფონზე, თუნდაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დეკადენტური მოძრაობების და აზროვნების პრიზმაში დანახული,  დროებით დამკვიდრებული ხელოვნური მირაჟების სახით. ჯერ კიდევ ბეთჰოვენი წერდა, სიახლე უნდა დამკვიდრდეს და ხელოვნება უნდა  ვითარდებოდეს უკეთესობისკენ. უნდა დაიმსხვრეს კიდეც მიღებული ფორმა, თუ ამას თავად ითხოვს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ დაუშვებელია ხელოვნური მსხვრევა და ხელოვნურად კონსტრუირებული „ხელოვნურობა“და არაბუნებრიობა.
რადგან ესტრადაზე მკითხეთ, ვიტყვი, რომ საოცრად ნიჭიერი თაობა მოდის, ძალიან მალე ითვისებენ ვოკალურ ტექნიკას, სხვადასხვა სტილის მანერას,  მელიზმატიკას, თუმცა, ნაკლებად ვხედავ ინდივიდებს. უმეტესად,  ითავისებენ სხვის ხელწერას, განსაკუთრებით იმათსას, ვინც მოდაშია დასავლური პოპკულტურის წარმომადგენლებიდან, განურჩევლად ხარისხისა. პიროვნებები აღარ ჩანან, ან  ჩანან ძალიან იშვიათად და ისინიც იკარგებიან, რადგან არსებული შოუები და კონკურსები, ვფიქრობ, უფრო აჟიოტაჟისთვის კეთდება და არა აღმოჩენილი ტალანტების ხელის შეწყობისთვის. ბევრი, თავის დროზე გამარჯვებული ნიჭიერი შემსრულებელი, საერთოდ აღარ ჩნდება შემდგომ და ყველას მალევე ავიწყდება მათი არსებობა.
მე, პირადად, სელექციას სხვა პრინციპებით და კრიტერიუმებით განვახორციელებდი. მერე კი ვიზრუნებდი მათ განვითარებასა და შემოქმედებით დახვეწაზე. საკუთარი ხელწერისა და სტილის მიგნებაში დავეხმარებოდი, საინტერესო რეპერტუარის შექმნაში. კარგად შევფუთავდი და მათ საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრების პერსპექტივაზე ვიზრუნებდი.
ერთდროულად ხართ კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი, პედაგოგი, მხატვარიდა მაინც, თქვენ თვითონ რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
– ფაქტი სახეზეა, მუსიკამ სძლია ყველა მისწრაფებას. თუმცა, არის პერიოდები, როცა მუსიკისგან ერთგვარი თავშეკავება მინდება, რათა თავად მომიბრუნდეს შთაგონების მოზღვავებით. ხშირად, ამ შთაგონებას და ინსპირაციას სწორედ ხელოვნების სხვა სფეროები მაწვდიან. თუმცა მუსიკა, სერიოზული მუსიკა და ალბათ ხარისხიანი, არ გპატიობს დიდხანს განშორებას, მით უფრო, რომ დღეს  ძალიან დიდი კონკურენციაა მსოფლიო არენაზე და ეს კარგად გამოაშკარავდა ინტერნეტისა და ტექნიკის პროგრესის წყალობით.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაფრის კეთება შეუძლებელია ერთი ადამიანური ცხოვრების ფარგლებში, მაგრამ ხელოვნებაც ხომ დიდი და უკიდეგანო სფეროა. ეს ბავშვური ჟინი ახლაც არ მასვენებს შინაგანად, მე ხომ ვერძი ვარ და ვერძებზე წერენ, მუდამ ბავშვებად რჩებიანო. თავის დროზე, კარგი პიანისტიც ვიყავი, როგორც ამბობენ, ვმღეროდი კიდეც და ახლა, ბოლო ათწლეულებში, კომპოზიციას ვუთმობ უმეტეს დროს, თუმცა ახლაც ვახერხებ, შეძლებისდაგვარად, დაკვრას, სიმღერას ნაკლებად, ხატვას, ლექსის წერას…
ასაკში რომ შედიხარ, მწვავედ გრძნობ დროის მნიშვნელობას და ყადრს. მთავარია, არ ვიწყენ მარტო. მიყვარს მეგობრები და კარგი, საინტერესო ადამიანები, მათთან ურთიერთობა, თუმცა ახლა მირჩევნია, ხელოვნებას დავუთმო მეტი დრო, მიუხედავად ბევრი პრობლემისა და წინაღობისა, რაც საინტერესო პროექტების და ჩანაფიქრების განხორციელებაში გიშლის ხელს. ყველგან ფული და ნაცნობობაა საჭირო, სირბილი, თხოვნა, რაც მე არ მიყვარს და არც გამომდის…
საინტერესო და ღიმილისმომგვრელია, რომ სხვა ქვეყნებში,  უცხოეთში უფრო მეტი წარმატება და აღიარება მქონია  და ალბათ, თავის დროზე უნდა მომეგვარებინა საქართველოდან  წასვლის  საკითხი…
ყველა სიმღერას თავისი იღბალი აქვს ადამიანივითრომელ სიმღერას გამოარჩევდით შექმნის საინტერესო ისტორიით?
– თითქმის ყველა სიმღერას თუ სხვა ჟანრის კომპოზიციას თავისი ისტორია და იღბალი აქვს, ზოგს სევდიანი,ზოგს კურიოზული და სასაცილო… ყველაფერს ვერც მოყვები… ჩემი შემოქმედების გარიჟრაჟზე, ჯერ რომ დიდად არავინ მიცნობდა, როგორც მუსიკოსს, შევქმენი ერთ-ერთი ჩემი პირველი სიმღერა თბილისზე. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ  დაახლოებით 9 სიმღერა მაქვს თბილისზე და რამდენიმე მათგანი საკმაოდ პოპულარულია, მაშინ კი ის პირველი იყო ჩემსავე ტექსტზე – „ჩემო თბილისო“. სიმღერას ასრულებდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. ცხადია, ეს ჩემთვის სასიამოვნო და საპატიოა.
მოგვიანებით,  სხვა მომღერლებმაც შეასრულეს ეს სიმღერა, თემურ თათარაშვილმა, ეთერ იოსებიძემ, ნუკრი კაპანაძემ და სხვებმა. გავიდა წლები, ბევრი ჩემი სიმღერა ჩაწერეს პოპულარულმა შემსრულებლებმა, მეც ხშირად ვჩანდი ეკრანზე და ცენტრალურ კონცერტებზე. უკან დარჩა 9 აპრილი, აფხაზეთის ომი…
როდესაც ახლებურად შეასრულეს ბიძინა კვერნაძის სიმღერა, თქვენ კარიკატურის ტოლფასი უწოდეთ. რა აზრის ხართ, ამ მოძალებულ .. რემიქსებზე?
– მე ყოველ საინტერესო წამოწყებას და კრეატიულ დამოკიდებულებას ენთუზიაზმით ვხვდები, თუ ის გამართლებულია და მოსაწონი. რემიქსებიც მომწონს, თუ ისინი არ აწვალებს და არ ამახინჯებს სიმღერას, რაც მთავარია, არ უკარგავს დრამატურგიას. მაშინ არ მომეწონა ის ვერსია. ძლივს ვიცანი ყველასთვის საყვარელი და საკრალური სიმღერა „ვარდები არ არიან“ და ჩემს ფეისბუქ გვერდზე გავაზიარე კიდეც ვიდეო მოკლე კომენტარით, რასაც მოჰყვა შესრულებით აღშფოთებული საზოგადოების კომენტარები.
ჩემი კომენტარი წაიღეს პრესაში, „იბერიაზე“ მთელი გადაცემა დაეთმო ამ კომპოზიციის განხილვას და მეც მიმიწვიეს. ამხელა ამბის ატეხვა არ მინდოდა, თუმცა ასე მოხდა. მერე ძალიან ვნანობდი, რადგან სოლისტი გოგონა, „ბაბი“ რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვნანობდი, რომ უნებლიედ ვაწყენინე. თუმცა, რაც განვაცხადე, ვფიქრობ იმაში არ ვცდებოდი. მერე ამ ჯგუფის სხვა ნამუშევრები მოვისმინე და ზოგი რამ ძალიან მომეწონა. ნიჭიერი მუსიკოსები არიან, თუმცა, შემოქმედებითი მარცხი ყველას მოსდის ძიების პროცესში, განსაკუთრებით კი – სწორედ, ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებს.
საფორტეპიანო, სავიოლინო კონცერტებისა, სიმფონიების და საფორტეპიანო ციკლების ავტორი ხართერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ პროფესიულ კლასიკურ მუსიკას ჩვენთან ყურადღება არ ექცევაო
– მართალია, საკონცერტო დარბაზებში, არცთუ ისე იშვიათად, ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები და სხვადასხვა ჟანრობრივი ფესტივალები, იდგმება სპექტაკლები ოპერისა და ბალეტის თეატრებში, არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც აბრკოლებს პროფესიონალი კომპოზიტორების შემოქმედებით წინსვლას და ქართული, პროფესიული (კლასიკური) მუსიკის  განვითარებას.
სათანადოდ არ შუქდება ეს პრობლემები ტელევიზიებით,  მედიის სხვა საშუალებებით. ქვეყანაში არსებული სიმფონიური ორკესტრები იშვიათად თანხმდებიან მოქმედ ქართველ კომპოზიტორთა ახალი, თუ უკვე არსებული სიმფონიური ნაწარმოებების შესრულებაზე, სათანადო დაფინანსების  გარეშე. ცხადია, მესმის ესეც, მაგრამ დაფინანსება და სპონსორების პოვნა ყოველთვის პრობლემაა, რაც ხალისს და ენთუზიაზმს გვიკარგავს. მუსმცოდნეები და ჟურნალისტები არაფერს წერენ ამის შესახებ, არ აშუქებენ ამ პრობლემას, არ გვეხმარებიან ამ პრობლემის დაძლევაში. მთელი აქცენტი გადატანილია კომერციულ, ხშირად იაფფასიან, უხარისხო პროდუქციაზე. იმის ნაცვლად, რომ გამოზარდონ ნამდვილი მსმენელი, დახვეწონ მისი გემოვნება, პირიქით, უხამსობას ამკვიდრებენ და უწევენ პროპაგანდას. ნამდვილად გვყავს გემოვნებიანი და დახვეწილი აუდიტორიაც, თუმცა მათი რაოდენობა არის იმდენი, რამდენიც არის… თუ, ზოგადად, განათლების დონე საზოგადოებაში არ ამაღლდა (რაც კლასიკური მუსიკის აღსაქმელად აუცილებელია),  ჩვენი ეროვნული კულტურა სერიოზულად დაკნინდება.
ოჯახი, შვილები
– მყავს მეუღლე – რუსუდანი და ერთი ვაჟიშვილი – მიხეილი. ჩემი მეუღლე საქმიანი, საზრიანი და მოწესრიგებული, მიზანდასახული, ნიჭიერი ადამიანია.  ყოველმხრივ გვიწყობს მე და ჩემს შვილს ხელს, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. უყვარს ხელოვნება, აქვს კარგი სმენა, გემოვნება და ცოტას უკრავს კიდეც.
ხშირად დავდივართ საინტერესო კონცერტებზე, ღონისძიებებსა და ფესტივალებზეც, როცა გვეძლევა ამის საშუალება.
შვილი სტუდენტია, კარგად სწავლობს და ფლობს რამდენიმე ენას. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით არჩია სწავლა, თუმცა აქვს კარგი სმენა და ხატვის ნიჭიც. გატაცებულია მანქანათმცოდნეობით. აქვს გამოგონებებიც.
თბილისზე გაქვთ სიმღერარას შეცვლიდით დღევანდელ თბილისში?
– თბილისი ძალიან მიყვარს, ისევე როგორც ყველა თბილისელს ალბათ და ბევრ არათბილისელსაც. წლების მანძილზე, პერიოდულად, ყოველთვის ვქმნიდი სიმღერებს თბილისზე, ხან საკონკურსოდ, ხან – თბილისობისთვის ხან – ისე და ვცდილობდი, ეს სიყვარული ჩამექსოვა ყოველ მათგანში. ასე რომ დამიგროვდა 8-9 სიმღერა და სამომავლოდ მაქვს ჩაფიქრებული, ცალკე დისკი გამოვცე ჩემი სიმღერებისა თბილისზე. „ჩემო თბილისო“, ეს პირველი სიმღერა, რომელზეც ზევით მოგახსენეთ. ასრულებდნენ ნ. ბრეგვაძე, თ. თათარაშვილი და სხვ. „თბილისო, გეტრფი“ – თაკო გაჩეჩილაძის შესრულებით. ამ სიმღერამ პოპულარობა მოიპოვა და ხშირად სრულდება სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე. ეს სიმღერა საუკეთესო ათეულში გავიდა თავის დროზე, როცა გახმაურებული კონკურსი ჩატარდა – „სიმღერა თბილისზე“.  „როცა შენამდე შორია“- თემურ ყვითელაშვილის მიერ შარშანწინ არაჩვეულებრივად ჩაწერილი სიმღერა. „თბილისო“ – ნოდიკო ტატიშვილის შესრულებით და სხვები. თბილისი მინდა იყოს ისეთი, როგორიც მას ეკადრება. აი ისეთი, რევაზ ლაღიძემ, სულხან ცინცაძემ, სხვა ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორებმა, პოეტებმა და თუნდაც ჩვენი თაობის კომპოზიტორებმა რომ შევამკეთ და ვუმღერეთ, სწორედ ისეთი.
ჰობი
– ხატვა გამოდის, პირველ რიგში. მიყვარს მცენარეები. საბედნიეროდ, გვაქვს დიდი ვერანდა, რომელსაც ვუვლი. ახლაც ჰყვავიან ვარდები, ქრიზანთემები, მუშმალის ხე, გერანები და სხვა ეგზოტიკური მცენარეები. მაქვს სხვა გატაცებებიც… მიყვარს ლიტერატურა, საინტერესო სტატიები და ფილმები. მაქვს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა აქაც და აგარაკზე მანგლისში. მაქვს ჩანაწერების, ვინილის, კომპაქტდისკების, დიდი და უნიკალური კოლექცია. ვწერ ლექსებს, ზოგჯერ – სტატიებს ჟურნალ „მუსიკაში“.
მანგლისშიც არაჩვეულებრივი ბაღი და ბოსტანი გვაქვს. გვყავს შესანიშნავი მებაღე – ომარი, რომელიც გვილამაზებს საზაფხულოდ აგარაკის ბაღს.

მუსიკასთან ერთად ხატავთგამოფენებიც გქონდათდა მაინც, როგორ გივსებთ სულს ფერწერა და ბგერწერა?
– არაერთხელ ჩამიტარებია წლების მანძილზე საავტორო საღამოები და რამდენიმე მათგანს თან ახლდა ჩემი ნამუშევრების მოკრძალებული გამოფენაც. შარშან, დეკემბრის თვეში კი, უნიჭიერესი მომღერლისა და მუსიკოსის, რუსუდან მუმლაძის ინიციატივით და დაჟინებით, გადავდგი ეს ნაბიჯი. რუსუდანის ორგანიზებით, კიკვიძის ბაღის მედიათეკაში შედგა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც პირიქით – მუსიკა იყო ერთგვარად მეორე პლანზე. გამოფენა-კონცერტს დაესწრო არაჩვეულებრივი საზოგადოება, პროფესიონალი, სახელოვანი მხატვრები, მუსიკოსები და მიხარია, რომ ძალიან მოიწონეს ჩემი ნამუშევრები. გაშუქდა ღონისძიება ცენტრალურ ტელეარხებზე.
გამოფენის შემდგომ პერიოდში ვმონაწილეობდი პროფესიონალ მხატვართა აუქციონზე და გამოფენაში, მხატვართა კავშირის თავმჯდომარის, ბატონი გურამ ცერცვაძისა და დავით ბაძაღუას ინიციატივით. დიდი მადლობა მათ ამ პატივისთვის.
– სამომავლო გეგმები…
– გაისად საიუბილეო თარიღი მაქვს, 65 წელი მისრულდება და ვგეგმავ რამდენიმე ღონისძიების, შემოქმედებითი საღამოების და პერსონალური გამოფენის ჩატარებას.
შესანიშნავმა მუსიკოსმა და ქალბატონმა, მანანა კუხიანიძემ შემომთავაზა მაისის თვეში ქუთაისის ოპერის თეატრში შემოქმედებითი საღამოს ჩატარება, სადაც, ძირითადად, ქუთაისის უნიჭიერესი ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, თელავის დრამატულ თეატრში იგეგმება ჩემი შემოქმედებითი საღამო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში.
წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ასეთი საჩუქრისთვის. შევეცდები, სათანადოდ წავრდგე შემსრულებლებთან ერთად ესოდენ საპატიო და ავტორიტეტულ ფორუმზე.
მაქვს სხვა საინტერესო გეგმებიც – თებერვალში სომხეთის კამერული ორკესტრი შეასრულებს ჩემს სავიოლინო კონცერტს, შესანიშნავ თბილისელ მევიოლინესთან მარიანა კირაკოზოვასთან ერთად. შესრულდება ჩემი სხვა კამერული ნაწარმოებებიც. დაგეგმილი მაქვს ჩემი ნაწარმოებების სტუდიური ჩაწერებიც, საიუბილეო კომპაქტალბომების გამოცემა და სხვა. იმედია, ღვთის წყალობით, ბევრი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებ. მინდა, რომ იყოს მშვიდობა ქვეყანაში და შემოქმედებისთვის ხელსაყრელი გარემო. ვისურვებდი კულტურული, გემოვნებიანი და დახვეწილი საზოგადოების სიმრავლეს. იმ საზოგადოებისა, რომელიც სათანადოდ შეაფასებს ყველა სახელოვნებო ნიმუშის მხატვრულ ღირებულებას, რომელსაც შესწევს უნარი, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები