გურამ ფალავანდიშვილი – კიდევ კარგი არ შევედით დარბაზში, იქ ცუდი რაღაცა მოხდებოდა, ჩვენს უკან აღმოჩნდნენ პროვოკატორები
კიდევ კარგი არ შევედით დარბაზში, იმიტომ, რომ იქ ცუდი რაღაცა მოხდებოდა. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა კინოთეატრებთან გამართული აქციების შეფასებისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს შორის პროვოკატორებიც იყვნენ. „იყო პროტესტი, რომ ეს მიუღებელია, ასევე ფორმებზე იყო საუბარი, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა. ჩვენ მომხრე ვიყავით თავიდნვე, რომ ძალადობა არ მომხდარიყო. ჩვენ ეს ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ ჩვენს უკან აღმოჩნდნენ პროვოკატორები, რომლებმაც დაიწყეს რაღაცეების სროლა. კიდევ კარგი არ შევედით დარბაზში, იმიტომ, რომ იქ ცუდი რაღაცა მოხდებოდა. თუმცა, ლიდერები ვინც ვიყავით, ვიყავით მომხრე იმისა, რომ მშვიდობით შევეშვით პოლიციას, არაძალადობრივად, ხელებაწეულები, ეს არ გამოვიდა და ამიტომაც აღარ მოვუწოდეთ. როგორც კი დავინახეთ, რომ ვიღაცებმა ძალას გადააჭარბეს, ჩვენ აღარ მივაწექით კორდონს, იმიტომ რომ შესვლა არ მომხდარიყო და რამე ცუდი არ მომხდარიყო. მინდა, იმ საკითხს შევეხო, ქვა რომ მოხვდა სუბელიანს, ვიღაცას პანღური მოხვდა და რაღაცა, რა თქმა უნდა, მე ვგმობ ამას. ვიღაცას რომ ქვა ვესროლო, ამაზე პასუხი უნდა ვაგო, მაგრამ მინდა ეს ხალხიც გავაფრთხილო, როცა სუბელიანი 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს, როცა ნატა ფერაძე შუა თითებს გვიჩვენებს, როცა ბერძენიშვილი მოდის და ხალხს აგინებს, როცა ასეთი აგრესიულები არიან, ამას ნუ გააკეთებენ, ხალხს ნუ გამოიწვევენ, ნუ გამოცდიან. შთაბეჭდილება მრჩება, ეს ხალხი რომ მიუშვა, ალბათ დაგვხვრეტენ ერიან-ბერიანად“. – განაცხადა ფალავანდიშვილმა. ცნობისათვის 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმი აქციებით გარკვეულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა.
თამუნა შეყილაძე