დიმიტრი ლორთქიფანიძე: ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მოტყუებით ჩართულნი იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ იცეკვეს, ახლა დაიწყება მთავარი სამართლებრივი პროცესები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა – დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორ ლევან აკინთან დაკავშირებით განაცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, რეჟისორმა რამდენიმე ბავშვი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღო. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, თუ აკინი საქართველოში იმყოფება, მას საქართველოს დატოვების უფლება არ უნდა მისცენ.

მისივე თქმით, ლევან აკინი უნდა დაიკითხოს.

„მინდა, ვისაუბრო საკითხზე, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ დაყენებულ იქნა სამართლებრივ პრიზმაში, საკითხი ეხება ლევან აკინის ფილმს, იმ გარემოებებს, რომელიც დასადგენი იყო ექსპერტიზის დონეზე, უშუალოდ შსს სამინისტროსა და მასზე ზედამხედველი პროკურატურის მხრიდან, საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო ეროტიული ხაისიათის კონტენტის შემცველი სიუჟეტების ექსპერტიზირებასთან. ამავე დროს, საკითხი, რომელიც შეეხებოდა ასაკობრივი ცენზის გრიფირებას. ცნობილი გახდა, რომ ფილმში მოტყუებით ჩართულნი იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ბავშვები და მათი მშობლები მოტყუებულ-იქნენ. უშუალოდ ლევან აკინისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. მშობლები ჩივიან და აკინის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ვაკეთებ განცხადებას შსს მინისტრის გასაგონად, თუ ლევან აკინი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ახლავე უნდა იქნას ზომები მიღებული იმისათვის, რომ მან არ დატოვოს ქვეყანა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რომლებიც დაუგროვდათ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალიან მკაცრად სჯის მცირეწლოვნის, არასრულწლოვნის შრომითი ექსპლუატაციის გამოყენებას გარკვეული კომერციული მიზნებისთვის, ეს არის 143 პრიმა მუხლი, ტრეფიკინგი.არ გამოვრიცხავ, რომ გამომდინარე აქედან, სწორედ ამ მიმართულებით იქნას მოთხოვნილი შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. ვფრიქობთ, ბავშვებს სჭრიდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, შესაბამისად, პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ ექსპერტ – ვიქტიმოლოგები. ასე, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ იცეკვეს, ახლა დაიწყება მთავარი სამართლებრივი პროცესი“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფილმის აკრძალვის თაობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე  გამოძიება არ დაუწყიათ.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, – აცხადებენ შსს-ში.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას მიმართა.

შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართა. ფილმი აქციებით გარკვეულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები