პირს, რომელმაც თბილისში მაღაზიის გამყიდველს დანით ჭრილობები მიაყენა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დადასტურდა, რომ ი.ა. 2018 წლის 7 ივნისს, თბილისში მდებარე სამი მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა სარეალიზაციო პროდუქციას.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მოუწოდეს ი.ა.-ს დაწყნარებულიყო და აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ჟ.კ. -ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ლ.წ.-ს აქტიური მოქმედების შედეგად და იმის გამო, რომ დანა მკერდის ძვალმა შეაჩერა, ი.ა.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. 2018 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისში მდებარე სამი მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა სარეალიზაციო პროდუქციას.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2018 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109- ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დაკავშირებული მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან) და ქურდობის სამ ეპიზოდზე 177-მე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია) წარედგინა. სასამართლომ ი.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,”- ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო 19;108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 177-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები