დავით ზალკალიანი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს

0

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს, „კონფლიქტი საქართველოში“ და რისი საშუალებითაც ევროპის საბჭო საერთაშორისო საზოგადოებას მუდმივად აწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.

“ჩვენს მიერ შემუშავდა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დღეს, შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერსპექტივაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე ადამიანების უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე ვითარების შესახებ, რაც საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს. საქართველო ძალისხმევას არ ზოგავს იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს, „კონფლიქტი საქართველოში“ და რისი საშუალებითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მინისტრის თქმით, მომზადებული სამოქმედო გეგმა ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.

“სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროპის საბჭოსა და ქართულ მხარეს შორის აქტიური თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად პრინციპებთან; დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც იმედი მაქვს, ისევე წარმატებული იქნება, როგორც წინა ორი,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, ზალკალიანის ინფორმაციით, წელს ევროსაბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსების 70 წლის იუბილეს, ხოლო საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა გამოსცა საიუბილეო მონეტაც.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, რომელიც სწორედ 20 წლის წინ გაჟღერდა, საიუბილეო მონეტაზეა წარმოდგენილი,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი