ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. სან-ფრანსისკოს, ლონდონისა და ბარსელონის შემდეგ, მასშტაბური ფორუმი სწორედ საქართველოს დედაქალაქში ტარდება. ეს თქვენი დამსახურებაა და ამას გილოცავთ”, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ Startup Grind Europe-Asia Connect – ის ქართველ მონაწილეებს ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, ქართველ სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ შეხვდნენ და გაიცნონ წამყვანი ინვესტორები.
“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისი წელს პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის Startup ღონისძიებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული Startup ქართველისთვის, რომ შეხვდეს წამყვან ინვესტორებს სილიკონის ველიდან, ეს არის შესაძლებლობა ნახონ პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება სან-ფრანცისკოს, ლონდონის და ბარსელონას შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. დავაანონსეთ 100 ათასლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაც და უკვე დავიწყეთ განაცხადების მიღებაც. ეს არის სახელმწიფოს კონტრიბუცია, იმისათვის რომ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეები საქართველოში კომერციალიზებული იყოს და საწყის კაპიტალს სრულიად უსასყიდლოდ ვაძლევთ”,-განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლებიიქნებიან, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები