პირი, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, დაკავებულია

​პირი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს ფიზიკური დაზიანება მიაყენა დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ინციდენტი კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე მოხდა, სადაც შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერას აპროტესტებენ.

“თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები