გია კორკოტაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები სოდომ-გომორის ცოდვას არ ეზიარონ

შეგვაწუხა იმან, რომ სოდომისტური ფილმების ჩვენების პროპაგანდა მიდის, – ამის შესახებ “ქართული მარშის” წარმომადგენელმა გია კორკოტაშვილმა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

კორკოტაშვილი ვერის ბაღში გამართულ აქციაზე მივიდა, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ.

“შეგვაწუხა იმან, რომ სოდომისტური ფილმების ჩვენების პროპაგანდა მიდის. რამდენიმე ფრაგმენტი ვნახე და არ მინდა, რომ მომავალი თაობები ამ წნეხის ქვეშ გაიზარდონ. ამ ქვეყანაში თავისუფლება არის, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ღირსეულ ოჯახებში აღზრდილი ღირსეული ადამიანები პროპაგანდას ყველანაირად აღვუდგებით წინ, რომელიც რყვნის ჩვენს მომავალ თაობას. სანამდეც ცოცხლები ვიქნებით, რა ფასადაც უნდა დაგვიჯდეს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები სოდომ-გომორის ცოდვას არ ეზიარონ”,- აღნიშნა კორკოტაშვილმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება. შს სამინისტროს ცნობით კი, ფილმის ჩვენებისას უწყება უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები