გიორგი ჩაკვეტაძე: 2020 წელი თბილისისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეებისა და ახალი პროექტების წელი იქნება

0

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი თბილისისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეებისა და ახალი პროექტების წელი იქნება. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ერთი წლის წინ, 2019 წლის ბიუჯეტი ერთად დავგეგმეთ, დღეს უკვე ვემზადებით 2020 წლისთვის. დედაქალაქის მერი, სამსახურები, გამგეობები და საკრებულოს წევრები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. მეტიც, ჩვენ ამ ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ. თუმცა, წინ კიდევ არაერთი გამოწვევაა. ამ პერიოდში უფრო მეტი ახალი ავტობუსი შემოვა ჩვენს ქალაქში. კიდევ უფრო მეტი გზა დაიგება, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმართავთ ხელს. ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა წესრიგდება, უკვე შემოვიდა 200-მდე ახალი ავტობუსი, მეტროს დაემატა 3 ვაგონის შემადგენლობა. კაპიტალური შეკეთება-მოდერნიზაცია ჩაუტარდა 20-მდე ვაგონს, მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა“,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოს წევრმა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში 150 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
„ არათაშვილზე, კანდელაკზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აეროპორტის გზაზე, მოეწყო ახალი ესტაკადები, მოწესრიგდა საუბნო გზები და სხვა საქალაქო ობიექტები. ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, 200 მლნ ლარამდე სოციალური ხარჯი ჩვენი მოქალაქეების უპირველეს საჭიროებებს მოხმარდა. დავიწყეთ ჯანდაცვის უპრეცედენტო პროგრამები. მინდა გითხრათ, რომ ქალაქი შეუქცევადი განვითარების ეტაპზე გადავიდა. გენერალური გეგმის კონცეფციით თბილისი უფრო მწვანე, შეკავშირებული და მედეგი ქალაქი უნდა გახდეს. ქაოტური განაშენიანებიდან დედაქალაქი კონცეპტუალურად უნდა განვითარდეს. ის, რომ ქალაქის ერთ ნაწილში გზა იგება, ეს მთლიანად თბილისისთვისაა ხელსაყრელი. ეკონომიკურად წელგამართული ქალაქი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ნიშნავს“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი