“ეროვნულმა ბანკმა ზომები დაგვიანებით მიიღო“ – პაატა ბაირახტარი ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით საუბრობს(ვიდეო)

ეროვნულმა ბანკმა პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ კურსი არ იყო მისი საქმე და ის მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე იყო პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ეკონომისტისმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა.

ბაირახტარი წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ზომები დაგვიანებით მიიღო.

„ეროვნულმა ბანკმა პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ კურსი არ იყო მისი საქმე და ის მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე იყო პასუხისმგებელი. ზოგადად, როცა ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით რაღაც მოდელებს განვიხილავთ, დაშვებებს ვაკეთებთ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის სტრუქტურა. როდესაც ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, როცა სასურსათო კალათის 70 % ივსება იმპორტირებული პროდუქციით, შეუძლებელია, რომ დაახლოებით, 25-პუნქტიანმა ვალუტის დევალვაციამ ფასების სტაბილურობაზე პრობლემა არ შეგიქმნას, სხვანაირად რომ ვთქვათ, არ გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები. ამ მოცემულობაში ცენტრალური ბანკი გამოდის და ამბობს, რომ ასეთი მოცემულობა და კურსის მერყეობა მას არ ეხება. ეს აპრიორი, რასაკვირველია ნიშნავდა იმას, რომ ცენტრალურმა ბანკმა თავის ამ გადაწყვეტილებით დაუშვა პირველი შეცდომა“, – განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, მეორე შეცდომა ეროვნულმა ბანკმა დაუშვა მაშინ, როცა სწორად ვერ გააანალიზა ის საფრთხეები, რომელიც უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში იდგა.

„მაგალითად, აგვისტოში გამოქვეყნდა ივლისის ინფლაციის მონაცემები, სადაც ჩვენ დეფლაცია გვიფიქსირდებოდა, მაგრამ თუ მონაცემებს კარგად ჩავშლიდით, ჩანდა, რომ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტსა და მომსახურებაზე გვიფიქსირდებოდა ფასების ზრდა, ერთადერთი რაც სურათს აბალანსებდა იყო ადგილობრივი წარმოების ხილი და ბოსტნეული. რასაკვირველია, ამ სეზონურობის გადავლის შემდეგ ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გვექნებოდა ფასების დონის საერთო მატება, დაიწყებოდა ინფლაციური პროცესები. ამის საპირწონედ, პირადად, მე ველოდი და იმხანად მოვუწოდებდი ეროვნულ ბანკს, რომ გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის აგვისტოს სხდომაზე ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა, ეს იყო მეორე კრიტიკული შეცდომა. ინფლაციური პროცესები დაიწყო და ამის შემდეგ უკვე ეროვნული ბანკი ცდილობს, მოთოკოს ინფლაციური პროცესები და ერევა საქმეში, ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება – ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ყველაზე ეფექტიანად ახერხებს ცენტრალური ბანკი მოთოკოს ინფლაცია და ფასების დონის ზრდა, მაგრამ, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გადაცემის ვადებიც არის საშუალოვადიან პერსპექტივაში, ანუ ეს არის საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ინსტრუმენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამოყენების შემდეგ ჩვენ მყისიერი შედეგი გვექნება, გამოვალთ და ხვალ ფასების საერთო დონე მოთოკილი დაგვხდება, სწორედ აქედან გამომდინარე, ცენტრალურ ბანკს უნდა მიეღო ზომები მანამდე. დღეს ამ მიმართულებით მსგავსი მძიმე მდგომარეობა არ გვექნებოდა“, – განაცხადა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის მაისის (7.1%) შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წლიური ინფლაცია ნიშნავს მიმდინარე წლის ოქტომბრის ფასების წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებას.
ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო საქონელზე ფასები, ჯამში, 1.6%-ით არის გაზრდილი. სურსათის კატეგორიაში ფასები ყველაზე მეტად, 2.7%-ით რძეზე, ყველსა და კვერცხზე გაიზარდა. ოქტომბერში ფასები თითქმის 6%-ით გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0- პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3 პროცენტი).

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები