მარკ დი პაოლო: ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, მზად იყოს შესაბამისი მომენტისთვის ნატო-ში სრულუფლებიან წევრად შესასვლელად

ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორის, მარკ დი პაოლომის თქმით, მათი ამოცანაა, რომ საქართველოს დაეხმარონ ალიანსში სრულუფლებიანად გაწევრიანებისთვის. როგორც მან ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საკითხი განხილული იქნება ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზეც.

„ჩვენ ვასრულებთ დღეს კონფერენციას ბათუმში. გვქონდა შესანიშნავი კონფერენცია, რომლის დროსაც ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მხრივ. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და რა თქმა უნდა, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალში გაძლიერებასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, მზად იყოს შესაბამისი მომენტისთვის ნატო-ში სრულუფლებიან წევრად შესასვლელად. შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე იყო მნიშვნელოვანი საკითხი კონფერენციაზე. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ალიანსისთვის და რეგიონული პარტნიორებისთვის. ასევე, ხელიდან არ გავუშვით შესაძლებლობა, რომ მადლობა გადაგვეხადა საქართველოსთვის ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის. კონფერენციის შემდეგ დავბრუნდებით ბრიუსელში, განვიხილავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებას. ეს არის საქართველოსადმი მხარდაჭერის პაკეტი, რათა ქვეყანამ გააგრძელოს თავისი რეფორმები.
ლიდერების შეხვედრის ფარგლებში ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი პარტნიორების ფორმატი, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველო არის საკითხი, რომელიც განხილული იქნება“, – აღნიშნა მარკ დი პაოლომ.

​რაც შეეხება საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროების შესახებ დასმულ კითხვას, ნატო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაპ-ი არის გაწევრიანების პროცესის ნაწილი.

​მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში მეხუთე მუხლის გარეშე გაწევრიანების იდეა ალიანსში აქტიურად არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები