რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, წლების განმავლობაში რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია, მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში სანიაღვრე არხი მოეწყობა, რომელიც წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და დატბორვისგან რუსთავის დაცვას უზრუნველყოფს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.
ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხის მოსაწყობად ქვაბულის ამოღება და რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.