ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა – „სამანი“ გაიხსნება

8 ნოემბერს, 18 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში  მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის გამოფენა – „სამანი“ გაიხსნება.
ნოდარ ბადურაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობით. იგი გამოჩენილი კინომხატვრის დიმიტრი თაყაიშვილის ხელმღვანელობით დაეუფლა ამ დარგის სპეციფიკას. აკადემიის მერე პირდაპირ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მივიდა სამუშაოდ, სადაც არაერთ საინტერესო რეჟისორთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოუწია თანამშრომლობა. მისი, როგორც კინომხატვრის, ნიჭიერება კარგად გამოჩნდა ლეილა გორდელაძისა და გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმებში („აქედანა და შენამდე“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“).
კინოს პარალელურად ნოდარ ბადურაშვილი მუდამ დიდ ინტერესს იჩენდა დაზგური ფერწერის მიმართ და მის ნამუშევრებს ხშირად ნახავდით საგაზაფხულო თუ საშემოდგომო გამოფენებზე.
90-იან წლებში, როცა ქართული ფერწერის ახალი თაობის წარმომადგენლებმა ყურადღება მიიქციეს თამამი მხატვრული ძიებებით, მათ შორის იყო ნოდარ ბადურაშვილიც.
მნახველის მოსწონდა მისი სურათები და იმხანად საქართველოსა და უცხოეთში არაერთ კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მხატვარმა ბოლო პერსონალური გამოფენა გალერეა „ვერნისაჟში“ 1999 წელს გამართა.
არტკრიტიკოს გიორგი ლალიაშვილის თქმით, 1999 წელს გამართული გამოფენის შემდეგ, მხატვრისთვის გრძელმა ოცმა წელმა გაიარა.
„მართალია, არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც გამოფენის და ვერც საკუთარი ალბომის გამოცემა. მეტი დრო ყოფითმა საკითხებმა შეიწირა და  განაპირდა… თუმცა, ადამიანებთან კონტაქტისა და საზოგადო საქმეებში მონაწილობის წადილი არასოდეს განელებია.
2000 წლიდან მუშაობს და სახვით ხელოვნებას ასწავლის სოციალურად დაუცველ ბავშვებს არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“. იგი კვირაში ორჯერ ატარებს გაკვეთილს და უზომოდ ბედნიერია პედაგოგის ამპლუაში. „იუნისეფის“ ეგიდით გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე ნოდარის მოწაფეები ნამუშევრებს სისტემატურად გზავნიან და მათ ორჯერ გრან-პრიც დაიმსახურეს.
ბუნებრივია, ღელავს მხატვარი ოცწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში პროფესია არასოდეს მიუტოვებია. ასეულობით ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი დაუგროვდა. მათ შორის 25 ტილო გამოარჩია და ამჯრად ის გამოაქვს მონატრებული პუბლიკის წინაშე.
„სამანი“ ასე ნათლავს  ნოდარ ბადურაშვილი თავის გამოფენას. ვინძლო, ამ ექსპოზიციით მან აჯობოს საკუთარ თავს და სამუდამოდ დაუდოს სამანი მსგავსად ხანგრძლივ მდუმარებას, რათა კვლავაც აქტიურად ჩანდეს ქართულ სამხატვრო ცხოვრებაში“, – აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.
გამოფენა 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ათონელის ქუჩა N9.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები