გია უდესიანს პატიმრობა, ზაზა გუგავას კი 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენს, გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა გუგავა ესწრებოდა. რაც შეეხება ბიზნესმენ გია უდესიანს, ის რამდენიმე წელია ქვეყანაში არ იმყოფება.

​შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები