პროფკავშირები მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვს – რა არგუმენტები აქვთ ამ ინიციატივის მოწინააღმდეგებს

საქართველოს პროფკავშირები მინიმალური ხელფასის დაწესებას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეცა.
კანონპროექტის თანახმად, სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულისათვის მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით განისაზღვრება, ხოლო არასრულ განაკვეთზე დასაქმებულის ანაზღაურება საათში 2 ლარი იქნება.

​ბიზნესის, ეკონომისტების და კანონმდებელთა ნაწილი, პროფკავშირების ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, და მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია ქვეყანაში საკმაოდ ნეგატიურ ფონს შექმნის. მათი აზრით ასეთ რეგულაციას მოსდევს შავი შრომის ბაზრის განვითარება და ის ვისაც მინიმალურზე დაბალი ხელფასი ექნება შესაძლოა არალეგალურად დასაქმდნენ. ეკონომისტების განმარტებით, სახელმწიფოს ამ პროცესის გაკონტროლება ძალიან გაუჭირდება, შესაბამისად დაზარალდება ბიზნესიც და სახელმწიფო ბიუჯეტსას გარკვეული შემოსავლები მოაკლდება. ეკონომისტის ოთარ ანგურიძის მოსაზრებით, ეს საკითხი ჯობია თავად ბაზარმა დაარეგულიროს.
„შრომის ბაზრისთვის კონკურენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.ასეთი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გარკვეულწილად კონკურენციას მოკლავს.,რადგან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩამორჩება ბაზარზე კადრების მიწოდებას“ – აცხადებს ანგურიძე.

დაახლოებით იგივეს წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი შოთა გულბანიც. „ზოგადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესისთვის ძირითად კაპიტალთან წვდომა პრობლემურია, ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება, მაგალითად როგორც საპენსიო შენატანებზე მოხდა, რეალურად თითო დასაქმებულზე ხარჯების 2%-ანმა ზრდამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და წარმომიდგენია რა მოხდება, როცა კომპანია პირობითად 300 ლარიან ანაზღაურებაზე არის შეთანხმებული დასაქმებულთან და უცებ 500 ლარს დაუწესებ მინიმალურს“, – აცხადებს გულბანი.

მისი აზრით, სანამ ბიზნესი ბუნებრივად არ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თავად მიიღოს ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება, კანონით ამის დავალდებულება ისედაც სუსტ ბიზნესს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. პროფკავშირების ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – 23 526 ადამიანს, 200 ლარზე ნაკლები – 63 356, 300 ლარზე ნაკლები – 114 000-ს, 320 ლარზე ნაკლები კი – 126 665 ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები