ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე ზრუნვის წლად

2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონის მონახულებისას განაცხადა.

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება.

“სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში – ეს არის თქვენი გმირობისა და თავგანწირვის, თქვენი თავდადების შედეგი! ამისთვის მე, როგორც მინისტრი და რიგითი ქართველი, ასევე მოქალაქე, გიხდით მადლობას. მადლობა თქვენ სამსახურისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის… 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არ გეგონოთ უბრალო სიტყვები, მე ამას ძალიან მალე ჩემი ქმედებითა და საქმით გაჩვენებთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებისთვის სიტყვით მიმართვისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო; შემდეგ კი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით – “სამშობლოსათვის თავდადებული“ და “გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები