მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ვნებების დაოკებისკენ მოუწოდა
მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ სინოდის გუშინდელი სხდომის შეფასებისას საზოგადოებას ვნებების დაოკებისკენ და ამ სიტუაციაში გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ვინც ცდილობს ეკლესია დაამციროს, ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს.
„გახსენება არც გვინდა, რომ ყველაზე მძიმე ისტორიულ წუთებში სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იყო ის, რისი წყალობითაც ჩვენი ადამიანები ინარჩუნებდნენ იმედს და ერთიანობის განცდას. ის იყო არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველას, მათ შორის არაქართველებისა და არამართლმადიდებლების ერთიანობის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეკლესიაც შიდა თუ გარე მიზეზებით მძიმე მდგომარეობაში იყო.
ჩვენ ყველა ვუფრთხილდებოდით მას, როგორც ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს. ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს; ყველა, ვინც ცდილობს, რომ დაამციროს ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება ეკლესიის შიგნით, მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება, თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისი მიზანმიმართული პოლიტიკა, მიიტაცოს და დაანგრიოს ინსტიტუციები და ყველა სფეროზე იბატონოს.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, დავიოკოთ ვნებები და ყველამ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციაში. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება და ერთმანეთში კეთილის საწყისის არსებობის რწმენა თუ გადაგვარჩენს. აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული პრობლემები. ამისთვის მას სჭირდება დაცვა, როგორც ინსტიტუციას. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში, ვუსურვებ მას სიმხნევეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.