“ხელით ეხებოდა სასქესო ორგანოზე” – ომბუდსმენი სამსახურში სექსუალური შევიწროების ფაქტს ეხმაურება

2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა. ამის შესახებ ვრცელ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას. განმცხადებლის მითითებით, მისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

“განმცხადებელი იხსენებს, რომ დივანზე წამოჯდა, რის შემდეგაც, მ. ჩ. გვერდით მიუჯდა, ჩაისვა კალთაში, ხელით ეხებოდა სხეულზე, მათ შორის სასქესო ორგანოზე, გაუხსნა კაბის ღილები, ეფერებოდა და კოცნიდა მკერდზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლ. გ.-მ თავი შეუძლოდ იგრძნო. როდესაც ეს მ. ჩ.-მ შენიშნა, შესთავაზა სავარძელზე წამოწოლილიყო, რაც დაეხმარებოდა მდგომარეობიდან გამოსვლაში. ლ. გ. აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში, ეშინოდა მ. ჩ.-ს და უნდოდა მალე დაეტოვებინა ოფისი. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მ. ჩ. მას ეუბნებოდა, არაფრის შეშინებოდა, ოფისში ვიდეო კამერები არ იყო დამონტაჟებული, მას ბევრჯერ ჰქონდა გადამოწმებული. ამის შემდეგ, ლ. გ. იხსენებს, რომ გაიგო ქამრის და ელვაშესაკრავის შეხსნის ხმა. ეშინოდა თვალების გახელის, თუმცა, მარჯვენა ხელზე იგრძნო რბილი სხეულის შეხება, რომელიც ჩათვალა, რომ მ. ჩ.-ს სასქესო ორგანო უნდა ყოფილიყო. ლ. გ. მიუთითებს, რომ როდესაც მ. ჩ.-მ გაიაზრა, რომ იგი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, გავიდა სააბაზანო ოთახში. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ხოლო როცა თვალი გაახილა და შეძლო წამოდგომა, მ. ჩ. უკვე კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. ლ. გ.-მ ჰკითხა, დაასრულა თუ არა მუშაობა, რაზეც უთხრა, რომ დაასრულა და ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მათ დატოვეს ოფისი და მ. ჩ.-მ განმცხადებელი მანქანით სახლამდე მიიყვანა,”- ნათქვამია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბრალდებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს რომ, განმცხადებელს შესაძლოა მანამდე მართლაც გადახდა სექსუალური ხასიათის ფაქტი და ცდილობს ამით მიღებული მორალური ზიანი მ. ჩ.-ს დისკრედიტაციის საფუძველზე მოითხოვოს.

“საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა გამოკითხვის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შემავიწროებელს, მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ასევე, სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა, საქართველოს ორგანული კანონის “შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოების და 2019 წლის თებერვალში მისი საკანონმდებლო რეგლამენტაციის შედეგად, სახალხო დამცველისადმი ამ საკითხზე მიმართვიანობა, გარკვეულწილად, გაიზარდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლებს და გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი მანდატის ფარგლებში, განაგრძოს მსგავსი შემთხვევების განხილვა,” – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

http://ombudsman.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები