მამუკა ხაზარაძე: წერილი გიორგი გახარიასგან მივიღე, არასდროს გვითქვამს, რომ გახარიამ თავის კომპიუტერზე დაბეჭდა

პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც მან 21 ოქტომბერს პროკურატურაში წარადგინა.

მისივე თქმით, საქმეში გარკვევის მიზნით, სავარაუდოდ ხვალ ადვოკატები პროკურატურაში მეორე წერილს შეიტანენ.

“პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, ალბათ ხვალ უკვე, ჩვენი ადვოკატები შეიტანენ მეორე წერილს, რომ გავერკვეთ სად დგას საქმე, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, დაველოდებით ძალიან მშვიდად მათ პასუხს. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ პროკურატურის დემონტაჟი, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისევე როგორც სასამართლო სისტემის, ძალიან სწრაფად, ერთხელ და სამუდამოდ კანონიერი, სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება“, – განმარტა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება ბოლომდე მივა.

“გითხარით, რომ ვისი დაწერილია ეს წერილი, გახარიასი, ბიძინა ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ. არანაირი ორი, ასე ვთქვათ, განსხვავებული რამ არ მითქვამს. წერილი მივიღე გიორგი გახარიასგან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გიორგი გახარიამ დაბეჭდა ეს თავის კომპიუტერზე. მისგან მივიღეთ ეს წერილი, წერილის დედანი ჩავაბარეთ პროკურატურას, შესაბამისად, ვთქვი, რომ ვისი დაწერილია წერილი, ბიძინა ივანიშვილის, მდივნის, გახარიასი თუ სამივესი ერთად, თუ ეხმარებოდა ნაცვლიშვილი და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს ნორმალურ ქვეყანაში უნდა ადგენდეს პროკურატურა. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება. თუ ეს ყველაფერი უახლოეს ერთ წელიწადში არ მოხდა, პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ბოლომდე მივა“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები 21 ოქტომბერს წარადგინა.

მაშინ ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. იმ პირების იდენტიფიცირება კი, ვისაც ანაბეჭდები ეკუთვნის, კორძაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები