“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორი: ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტურია

„წლის ბოლომდე არსებული ვადა ჩვენთვის, კონსორციუმისთვის სრულიად არაადეკვატურია. ზოგადად ვადაზე საუბარი არის არაკონსტრუქციული”, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

„იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა? ორი თვის მანძილზე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არარეალისტურია. სერიოზული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რიტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, არასერიოზულია, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები, სამწუხაროდ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ და იქ გაეცემა პასუხი, ვინ შეასრულა ან არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

​ცნობისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე აქვს, რაც მათთვის ბოლო შანსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები