მიხეილ რამიშვილი: მეუფე იაკობი იმუქრება, მას სურს, მურუსიძემ და ჩინჩალაძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმონ

მეუფე იაკობს სურს, თითის ქნევით გააუქმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მურუსიძემ და ჩინჩალაძემ, რათა მას არ მოუწიოს იმის თქმა, თუ როგორ ცრუობს, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასულიერო პირმა სასამართლოს მისამართით გააკეთა.

„როცა მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, იაკობი გამოვიდა საჯაროდ და გააკეთა შემდეგი განცხადება – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, თურმე გირგვლიანის საქმეზე იყო ჩანერგილი აგენტი ახალაიების მიერ. თურმე, ყველა ინფორმაცია ახალაიასთან მიმქონდა. ეს იყო ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ცილისწამება. ეს ემსახურებოდა ჩემს დისკრედიტაციას, რათა საზოგადოებას ჩემი ნდობა არ ჰქონოდა.
მივმართე სასამართლოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად იაკობი ვალდებულია, გამოვიდეს და საჯაროდ უარყოს ის ცილისმწამებლური განცხადება, რაც ჩემი მისამართით გააკეთა. ამის ეშინია და არ სურს. კანონიკური სამართლის თანახმად, როცა სასულიერო პირი ავრცელებს ცილისწამებას, პასუხისმგებელი თავიდან ბოლოდე ისაა, თუ ვერ დაამტკიცა, უმაღლესი სასჯელი მას ეკისრება.

მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, 27 ნოემბერსაა საქმის განხილვა. ეს მუქარაა, მას სურს, თითის ქნევით გააუქმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მურუსიძემ და ჩინჩალაძემ, რათა მას არ მოუწიოს იმის თქმა, თუ როგორ ცრუობს. ვიმედოვნებ, რომ არც ჩინჩალაძე და არც მურუსიძე არ მოექცევიან ზეწოლის ქვეშ და არ მისცემენ მითითებას მოსამართლეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მეუფე იაკობმა „tv პირველთან“ ისაუბრა.
“შემდეგ თვეში ჩემი სასამართლო არის და პირდაპირ გეტყვით თუ ჩემს წინააღმდეგ რამე წავიდა, სასამართლო აღარ იქნება. ჩინჩალაძეს და მურუსიძეს მოვაშორებ მაქედან”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

გასული წლის დეკემბერში, ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა დაეკისრა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები