ნინო ჯავახაძე: კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, მსგავსი დანაშაულები სხვა ქვეყნებშიც ხდება.
„გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს მოგახსენებთ. გამოძიება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.