„პანიკისმომცველი უნდა გავხადოთ დამოკიდებულება“- გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი აზბესტის მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობს(ვიდეო)
საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება შეწყვეტილია, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში გიორგი გარდავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გარდავა გამოეხმაურა კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ბაზარზე შეძენილ, 20 ლარამდე ღირებულების სამუხრუჭე ხუნდების 60% -ში აზბესტის შემცველობა გამოვლინდა. ექსპერტის შეფასებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია.
„კიბოს კვლევის საერთაშორისო გლობალურმა ინსტიტუტებმა დაადასტურეს აზბესტის კანცეროგენულობა. დადგენილია, რომ მისი ორგანიზმში არსებობა იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. არიან ქვეყნები, რომლებმაც უკვე აკრძალეს ყველა სახეობის აზბესტი, მეორე მხარესაა ქვეყნები, რომელთაც შედარებით ლოიალური დამოკიდებულება აქვთ ამ პრობლემის მიმართ, მათ დაუშვეს ერთი სახეობის აზბესტი, რომელსაც ქრიზოტილი ჰქვია. თუმცა, ისიც კანცეროგენად მიიჩნევა.
საქართველოში ავკრძალეთ აზბესტი, მაგრამ არ აგვიკრძალავს აზბესტის შემცველი მასალები.
ჩვენ მიერ დაკვეთილი ლაბორატორიული კვლევის პასუხები საკმაოდ რეზონანსულია და განგაშის საფუძველს იძლევა, თუმცა ჯერჯერობით ისევ დაკვირვების ფაზაზე ვართ. გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები , პირველ რიგში იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ზუსტად დავადგინოთ , თუ სად მიდის ეს მასალები, რომელიც კატეგორიზებულია როგორც ქაღალდი, რულონები, ძაფი, ქეჩა, ან აზბესტის შემცველი სხვა მასალები. მარტო შიფერებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რადგან აგურებიც შეიცავდა აზბესტს . საკმაოდ პანიკის მომცველი უნდა გავხადოთ ეს დამოკიდებულება, რადგან სწორი გეზი და ზომები უნდა ავიღოთ ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი პროექტით დაგეგმილია, რომ უკვე ჰაერიც შემოწმდეს. რამდენიმე ლოკაცია გვაქვს შერჩეული თბილისში“, – გაანცხადა გარდავამ.
ცნობისთვის, ლაბორატორიული კვლევების შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე შეძენილი, 20 ლარამდე ღირებულების სამუხრუჭე ხუნდების 60% -ში აზბესტის შემცველობა გამოვლინდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
აზბესტი არის კანცეროგენი, რომელიც სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. იზორიას თქმით, ხუნდების შემთხვევაში, ავტომობილის დამუხრუჭების დროს აზბესტი განიცდის ცვეთას, რა დროსაც ჰაერში ნაწილაკები გამოიფრქვევა, შემდგომ კი ეს ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
შეგახსნებთ, გასულ წელს ორგანიზაციამ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევისათვის, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ეხებოდა, დოკუმენტი მოამზადა.
დოკუმენტში განხილულია აზბესტის როლი ჰაერის დაბინძურებაში.
როგორც ირაკლი იზორიამ განაცხადა, საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება; მიუხედავად იმ მძიმე შედეგისა, რისი გამოწვევაც აზბესტს შეუძლია, მისი შემცველი პროდუქცია მაინც აქტიურად გამოიყენება.
„შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში აზბესტის შემცველი 110 ტონა საავტომობილო დეტალი შემოვიდა. აღნიშნული ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან (სურათი 1) ხორციელდება, რომლებიც ისევ აწარმოებენ მას. კიბოს გამომწვევი ნივთიერება ასევე შემდეგი ქვეყნებიდანაც შემოდის: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი და სხვა“- წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს.
„არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში 2010-2015 წლებში სასუნთქი სისტემის სიმსივნეებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაზრდილია და იგი დაკავშირებულია აბზესტთან”, – წერია დოკუმენტში.
თამუნა შეყილაძე