თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე შეხვედრა შედგა – რას აპირებენ პოლიტიკოსები
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას ხელმძღვანელობით თურქეთს სტუმრობდა, სადაც პარტია „სამშობლოს“ თანათავმჯდომარესთან დოგუ ფერინჩექთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ აფხაზური მედია თურქულ გაზეთ Aydınlık-ზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, მოლაპარაკებაზე ფერინჩექმა ხაზი გაუსვა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის მეგობრობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „რუსეთ-აფხაზეთის მეგობრობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს“.
თურქმა პოლიტიკოსმა აღნიშნული მეგობრობის განვითარების საკუთარი წინადადება წარადგინა, რომელიც „მეგობრობის გეგმას წარმოადგენს: შავი ზღვა – ხმელთაშუა ზღვა“, იმისთვის,რომ გეგმა დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბა გადაეცეს.
ფერინჩექის 4-პუნქტიანი გეგმა შემდეგს გულისხმობს:
1. თურქეთის რესპუბლიკა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას აღიარებს;
2. რუსეთი და აფხაზეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკას აღიარებენ;
3. თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებენ;
4. რუსეთი და აფხაზეთი გავლენებს გამოიყენებენ, რომ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია დასრულდეს;
დოგუ ფერინჩექმა ასევე თქვა, რომ დიდი ძალისხმევაა ჩადებული იმაში, რომ აღნიშნული გეგმამ თურქეთში და მსოფლიოში იყოს მოწონებული.
„აშშ-სა და უკრაინას შორის 2018 წლის 16 ნოემბერს დადებული შეთანხმება „თურქეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის რეალიზაციის შეფერხებას ითვალისწინებს. აღნიშნულ შეთანხმებას სამიზნედ თურქეთი აჰყავს. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ერთად ამერიკულ საფრთხეს უნდა აღვუდგეთ. შავი ზღვა – ჩვენი ერთობლივი ზღვაა. ამის პარალელურად ეგეოსის ზღვაში, კვიპროსზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე აშშ ისრაელთან, საბერძნეთთან და სამხრეთ კვიპროსთან ერთად, ასევე თურქეთზე აცხადებენ პრეტენზიას. აქ ყველა ჩვენთაგანი – რუსეთი, აფხაზეთი, სირია, ირანი, ერაყი, აზერბაიჯანი ერთად უნდა ვიყოთ. ადრე ასეთმა ერთობამ „მეორე ისრაელის” წარმოქმნას შეუშალა ხელი, რომლის შექმნა ერაყის ჩრდილოეთით იგეგმებოდა. ყველგან ერთიანი ფრონტით უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, ერთად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა თურქმა პოლიტიკოსმა.
თავის მხრივ, არძინბამ თურქ პოლიტიკოსი ხაჯიმბას სახელით ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია.