კახა კალაძე: ჯანდაცვის სისტემის რეფორმითა და პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული ათასობით ადამიანმა ისარგებლა

ჯანდაცვის სისტემის რეფორმითა და პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული ათასობით ადამიანმა ისარგებლა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა ჯანდაცვის მიმართულებით. დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. იცით, რომ ასი ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამ რეფორმით და პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო პირველად ჯანდაცვაზე, წარმოდგენილი იყო ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რაიონში განთავსდება და ყველას ექნება საშუალება, პრევენციის მიზნით გაესინჯოს. საუბარი იყო, ასევე, დაფინანსებაზე, როდესაც ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ჯიბიდან უწევთ მკურნალობის დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ფინანსური ტვირთი ადამიანებზე კიდევ უფრო შევამციროთ. ზოგადად, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს თანადგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე, სახელწოდებით “მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“, რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები