თეა წულუკიანი: საქართველოდან რუსეთში​ სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში ხორციელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში ხორციელდება.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.
​როგორც მან აღნიშნა, საქართველო დამნაშავეების თავშესაფარი ქვეყანა არ არის.

„ბატონი სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში მიმდინარეობს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ის რამდენიმე წუთში გადაეცემა რუსულ მხარეს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მე გამოვეცი 30 სექტემბერს. მანამდე, მაისის თვეში საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები თქვენც, მედიასაც გატყუებდნენ და ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას, რადგანაც მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ექსტრადიციის შეჩერებაზე.

​ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ჟურნალისტებს სტრასბურგიდან გამოგზავნილი წერილიც გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები