ნინო ლომჯარია: რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში სუმბაევი სიკვდილით დასჯას არ დაექვემდებარება

რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში სუმბაევი სიკვდილით დასჯას არ დაექვემდებარება, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხს.

“ამ პირს ჰქონდა მომართული სახალხო დამცველისადმი, თუმცა მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა დაქვემდებარებოდა სიკვდილით დასჯას. ჩვენი მხრიდან იქნა გადამოწმებული და რამდენადაც მე ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში ის სიკვდილით დასჯას არ დაექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია რაც ჩვენი მხრიდან იყო გადამოწმებული, სხვა მიმართვა ან განცხადება და საჩივარი ჩვენი მისამართით არ გვქონია”,- განმარტა ლომჯარიამ.

ცნობისათვის, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ედება.
ამავე დროს, “ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აქვს კავშირი.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.

იაროსლავ სუმბაევის ექსტადიციას ქართულმა მხარემ თანხმობა უკვე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები