პროკურატურა ჯიშკარიანის საქმეზე: შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას

“რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის ილია ჯიშკარიანის საქმის გაცნობას”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა კვლავ განაგრძოს.

​”საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო წესით ითხოვდა თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას.

სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.
შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს”, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები