ნიკოლოზ ანთიძის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში – მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ჩეხეთის კულტურის სამინისტროს ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პლატფორმა ფუძნდება.
პრაღაში სააგენტოს გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი ჯგუფის 3-დღიანი ვიზიტისას კოლეგა უწყებების ხელმძღვანელთან – ნადეჟდა გორიცკოვასთან გაცნობით შეხვედრებზე უკვე დაიგეგმა პარტნიორული ურთიერთობების ის მიმართულებები, რომელიც ოფიციალურად მხარეთა შორის თბილისში გასაფორმებელ მემორანდუმში გაიწერება.
სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის უმთავრესი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების მართვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება იქნება.
პარტნიორობა შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ორმხრივად განხორციელებასაც, რომლის პირველ პრეცედენტს ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული სათვისტომოსა და ჩეხი მოქალაქეებისთვის სააგენტოს მიერ დაგეგმილი სასწავლო პროგრამები შექმნის.
კულტურისა და განათლების სფეროში 2 ქვეყნის სათანამშრომლო პროგრამის ფარგლებში, პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და მეთოდოლოგიური სწავლების დახვეწის მიზნით, თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაზაზე გათვალისწინებულია ჩეხი სპეციალისტების მიერ მომზადებული სასწავლო კურსის დანერგვაც. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება ჩეხეთის კულტურის სამინისტროს ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტთთან სააგენტოს გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძისა და სამხატვრო აკადემიის კანცლერის – კახაბერ ტრაპაიძის საქმიანი შეხვედრებისას იქნა მიღწეული.