გრიგოლ ლილუაშვილი: არ ვისურვებდი მომავალში მთავრობებს, რომელთაც მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის ექნება სასწორის პინა გადახრილი
“დგება რაღაც სიტუაციები, როდესაც უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე უნდა შეიზღუდოს სამოქალაქო უფლებები, მაგალითად ასეთი იყო პატრიოტის აქტი აშშ-ში”, – მიგაჩნიათ, თუ არა რომ ეს სწორია და არის რაღაც გარემოებები, როდესაც ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სამოქალაქო უფლებებზე უსაფრთხოების სასარგებლოდ თუ ეს კატეგორიულად მიუღებელია თქვენთვის?
ამ კითხვის პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელი ვერ იქნება, რადგან სწორი ბალანსია შესარჩევი.
“კატეგორიულად მიუღებელი ბუნებრივია ვერ იქნება, ვინაიდან ვთვლი რომ სწორი ბალანსია შესარჩევი, დაბალანსებული პოლიტიკა დასავლური ღირებულებების მიმართ, მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართ, არ გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხოების ჭრილში განსახილველი საკითხები გადავდოთ გვერდზე და არ გავითვალისწინოთ, პირიქით. მე ვიტყოდი, რომ თუ სასწორზე დავდებთ უსაფრთხოების რისკებს და მეორეს მხრივ კონკრეტული ინდივიდების აღიარებულ უფლებებს, სასწორი მაინც უნდა გადაიწონოს უსაფრთხოების სასარგებლოდ. არ ვარ მომხრე იმისა, რომ რომელიმე მთავრობამ, მათ შორის არსებულმა, მათ შორის მომავალ მთავრობებსაც ვგულისხმობ, გამოიყენოს ეს არგუმენტი იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს დიქტატურა, ჩამოაყალიბოს ადამიანის უფლების შემლახველი რაღაც მანქანა, თუმცა სწორი ბალანსი ყოველთვის არის მოსაძებნი. ამას ძალიან წარმატებით ახერხებდა სხვათა შორის წინა ხელისუფლება, პოლიტიკურ ხელისუფლებას ვგულისხმობ, როდესაც უსაფრთხოების ეგიდით ფეხქვეშ იყო გათელილი ნებისმიერი უფლება, რომელიც ადამიანს მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით.
მისივე თქმით, ყველანი არ უნდა იყვნენ ციხეში, ციხეში უნდა იყვნენ მხოლოდ განსაკუთრებული რისკის და საფრთხის მატარებელი ადამიანები.
“ყველანი ციხეში- ეს იყო დევიზი იმ მთავრობისა, მე არ ვისურვებდი მომავალში მთავრობებს, რომელთაც მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის ექნება სასწორის პინა გადახრილი. აქ აუცილებელია ბალანსი მოსაძებნი. ყველანი არ უნდა იყვნენ ციხეში, ციხეში უნდა იყვნენ მხოლოდ განსაკუთრებული რისკის და საფრთხის მატარებელი ადამიანები, დანარჩენები უნდა ქმნიდნენ დოვლათს, დემოკრატიულ ღირებულებებს და ემსახურებოდნენ საკუთარ სამშობლოს”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.