სკოლა „კრწანისი მარჯი“- მეგობრული, შემოქმედებითი, თანამედროვე და მხიარული გუნდი საგანმანათლებლო სივრცეში – ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
საქართველოში კერძო სკოლის ინსტიტუტი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში განათლების სისტემას ფეხი მაქსიმალურად აუწყო და დღესდღეობით კერძო სკოლები მრავალფეროვანი, დატვირთული სასწავლო პროგრამითა და ინდივიდუალური აღზრდის მეთოდებით, განათლების სისტემაში დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას ემსახურებიან.
ერთ-ერთი ასეთი სკოლა თბილისში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რაიონში – კრწანისში მდებარე სკოლა „კრწანისი მარჯია“.
„კრწანისი მარჯი“ დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. იგი 4 სართულსა და ეზოს მოიცავს. ეზოში შექმნილია განსაკუთრებული გარემო, სადაც მოსწავლეებს აქვთ გართობის, სპორტული შეჯიბრებებისა და ჰაერზე გავეთილების ჩატარების პირობები, რის გამოც ის მოსწავლეთა საყვარელ ადგილად არის ქცეული. სკოლა „მარჯი“ დაახლოებით 20 წლის წინ დაარსდა. დროთა განმავლობაში, სკოლამ სახელწოდებასთან ერთად ადგილმდებარეობაც შეიცვალა და დღესდღეობით განათლების ბაზარზე წარმოდგენილია როგორც „კრწანისი მარჯი“.
„მარჯის“ წარმატებაზე მეტყველებს ის, რომ სულ 70 კურსდამთავრებულიდან 12 მედალოსანია. უმაღლეს სასწავლებელში კი პირველსავე წელს, როგორც წესი აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტი ირიცხება და ისინი სახელმწიფო გრანტს იმსახურებენ.
ამჟამად სკოლა 130 მოსწავლეს ითვლის. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც მშობლები არჩევანს „მარჯიზე“ აჩერებენ, სკოლის მცირერიცხოვანი კონტინგენტია – კლასში 10-12 მოსწავლე.
სკოლაში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. გარდა იმისა, რომ სკოლას ჰყავს დაცვა, შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულია კამერები, რომელიც სასწავლო პროცესს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება. თანამედროვე სტანდარტებზე და მოქნილ სისტემაზე მიუთითებს ისიც, რომ კამერებზე წვდომა „ონლაინ-აპლიკაციითაც“ არის შესაძლებელი და სკოლის დირექტორს მისი კონტროლი მობილური ტელეფონის მეშვეობითაც შეუძლია.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ „კრაწანისი მარჯის“ ეწვია სკოლის დირექტორს მადონა ხარატიშვილს სკოლის დაარსების ისტორიაზე, უშუალოდ სასწავლო პროცესზე, საგანმანათლებლო გარემოზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პირველი, რაც სკოლაში შესვლისთანავე იგრძნობა, ეს არის თბილი, მეგობრული გარემო. სწორედ ამან განაპირობა თანამშრომლობა სკოლის დამფუძნებელ ლალი ზარანდიასა და მადონა ხარატიშვილს შორის. თავდაპირველად, ქალბატონი მადონა სკოლაში მშობლის სტატუსით მივიდა. თუმცა, როდესაც სკოლას ადგილმდებარეობის შეცვლის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა, მან სკოლას დახმარების ხელი გაუწოდა და რიგი პასუხისმგებლობები თავის თავზე აიღო. როგორც თავად ამბობს, კოლაბორაციის მთავარი მიზეზი იყო საერთო იდეა – მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც თავისუფალი, მოაზროვნე, სამართლიანი, მიზანდასახული და სახელმწიფოებრივი აზროვნების ახალგაზრდები აღიზრდებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი მცირერიცხოვანია და სწავლის საფასურიც ფინანსურ შკალაზე საშუალოს უჩვენებს, სკოლა თვითკმარი არ არის. ამიტომ „მარჯის“ ფინანსურად მეცენატი ზაურ ქორთოშიძე უზრუნველყოფს, რომლის სახელობის სტიპენდიაც სკოლის ათოსან მოსწავლეებზე ვრცელდება.
მადონა ხარატიშვილი: 4 წელია რაც კრწანისში გადმოვედით, თბილისის მასშტაბით, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილზე. სკოლაში ძალიან მეგობრული გარემოა, ყველა ერთმანეთს იცნობს და უფრთხილდება. ჩვენთან სულ რაღაც 130 მოსწავლეა და ამას თავისი პლიუსები აქვს. ყველა მოსწავლეს ვიცნობ, ვიცი მათი ინდივიდუალური თავისებურებანი, რაც ხელს გვიწყობს მარტივად გადავწყვიტოთ წამოჭრილი პრობლემები. ჩვენ ვართ ერთი დიდი მეგობრული გუნდი, რომელიც აერთიანებს მოსწვლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ამიტომაც გვაქვს ურთიერთნდობის ატმოსფერო და სასურველი შედეგები.
როგორ დაიწყო სკოლა “მარჯისა” და თქვენი ურთიერთობა?
მადონა ხარატიშვილი: დაახლოებით 4 წლის წინ ჩემი მესამე შვილისთვის ისეთ სკოლას ვეძებდი, სადაც ჩემი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. მანამდე უფროს შვილებთან, ბევრი ექპერიმენტი მქონდა ჩატარებული – გამოვიცვალეთ რამდენიმე საჯარო სკოლა და ბოლოს რეკომენდაციით ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოვხვდით, სადაც საბოლოოდ მოსწავლეთა ნაკადი გაიზარდა და სწავლის ხარისხიც შემცირდა. შემდგომ გადავედით ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში, სადაც მომხიბლავი ინტერიერი იყო. სულ ვიყავი ძიებაში და სულ ვიყავი უკმაყოფილო. როდესაც ძალიან დიდ თანხას იხდი და მაინც გიწევს რომ შვილი რეპეტიტორთან მოამზადო, ვთვლი რომ მიზანშეწონილი არ არის. ჩავთვალე რომ ჯობდა ისევ საჯარო სკოლაში მიმეყვანა და თან კერძოდ მომემზადებინა. ასე მოვაგვარე ეს საკითხი უფროს გოგონებთან.
ამ პერიოდში სკოლების მხრივ მშობლის სტატუსიდან გამომდინარე გამოცდილება დამიგროვდა. როდესაც მესამე შვილისთვის დავიწყე სკოლის შერჩევა არჩევანი „მარჯიზე“ შევაჩერე, პირველ რიგში მდებარეობიდან გამომდინარე დავინტერესდი. შემდეგ უკვე ქალბატონი ლალი ზარანდიას პერსონამ იქონია გავლენა. ანუ თავდაპირველად ამ სკოლაში როგორც რიგითი მშობელი ისე მოვედი, შემდეგ კი მე და ქალბატონი ლალი გავხდით თანაპარტნიორები, ის იყო ერთ-ერთი მოტივატორი, რის გამოც ამ სკოლაში შემოვედი. მიმდინარე წლის აპრილში კი სკოლის დირექტორად დავინიშნე. მანამდე არანაირი გამოციდლება არ მქონდა .
ლალი ზარანდია: ადგილმდებარეობის შეცვლის გამო სკოლას ფინანსური პრობლემები შეექმნა. როდესაც ქალბატონმა მადონამ, მშობელმა, დაინახა სკოლის დახურვის საშიშროება, გამოიჩინა კეთილი ნება და დახმარების ხელი გამოგვიწოდა.

1979-1986 წწ. ქ.თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საშუალო სკოლის დირექტორი
1986-1994 წწ. ქ.თბილისის განათლების სამმართველოს უფროსის მოადგილე.
1994-2005 წწ. ქ.თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელობის #23 საშუალო სკოლის დირექტორი
2005-2016 წწ. არასახელმწიფო საერო სასწავლებელ “მარჯის” დირექტორი
განათლების წარჩინებული მუშაკი
ღირსების ორდენის კავალერი
მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ მადონას მოსვლით სკოლამ ახალი ხიბლი შეიძინა. მას განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები, გარშემო აფრქვევს სითბოს, რაც მას სიყვარულით უბრუნდება. ამავე დროს მას აქვს თანამედროვე ხელმძღვანელისათვის ყველა საჭირო თვისება: ვითარებაში სწრაფი ორიენტაციის უნარი, არის კომუნიკაბელური, ამავე დროს მომთხოვნი, პრინციპული და სამართლიანი. მისი წარმატებული საქმიანობის საფუძველი კი გუნდური მუშაობაა. ის, რომ ქალბატონი მადონა ხელოვანია/არის დიზაინერი/ მისი საქმიანობაც შემოქმედებითი მიდგომებით გამოირჩევა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტიული მომავალი. სკოლას უწერია განვითარება და ეს მოხდება ქალბატონი მადონას დამსახურებით.
ქალბატონო მადონა, რეპეტიტორები ახსენეთ და აქვე დავაზუსტებ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ სკოლა „კრწანისი მარჯის“ მოსწავლე, დამატებით, რეპეტიტორთან მომზადებას არ საჭიროებს?!
მადონა ხარატიშვილი: სკოლაში თითქმის ყველა საგანს ერთნაირი ყურადღება ექცევა, ჩვენ კი მივყვებით სახელმწიფო პროგრამას, მაგრამ აუცილებლად ვაძლიერებთ მას დამატებითი სახელმძღვანელოებით. ჩვენთან როგორც წესი მასწავლებელი არ მუშაობს მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი, კლასში აუცილებლად შედის დამატებითი ლიტერატურა. მოსწავლეთა მომზადების დონე ძირითადად იმდენად მაღალია, რომ ისინი სკოლაში მიღებული ცოდნით წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.
თუმცა არიან მშობლები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ თემას და თავის დაზღვევის მიზნით შვილი მაინც მიჰყავთ კერძო მასწავლებელთან. აუცილებლად მინდა აღვნიშნო უფროსკლასელთა წარმატებები ინტელექტუალურ თამაშებში. რამოდენიმე წლის წინ საქალაქო დებატებში გავიმარჯვეთ და ზალდასტანიშვილის ამერიკულ სკოლიდან გარდამავალი თასი წამოვიღეთ.
თამაშში „რა სად როდის“ – ვიყავით ჩუღურეთის ჩემპიონები, შემდეგ კრწანისის ჩემპიონები ხოლო გასულ სასწავლო წელს კი საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი დავიკავეთ. არის კიდევ ერთი თამაში „ტვინების ბრძოლა“ – იქ, როგორც წესი ვიმარჯვებთ, უკვე 5-გზის ჩემპიონები ვართ. გასულ საწავლო წელს კი, ამიერკავკასიის მასშტაბით გავიმარჯვეთ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ბავშვებს ძალიან ფართო თვალსაწიერი აქვთ.
თქვენი სკოლის პედაგოგები თუ არიან ჩართულნი სახელმწიფო სერტიფიცირების პროგრამაში?
მადონა ხარატიშვილი: სკოლის 27 პედაგოგიდან დიდი ნაწილი სერტიფიცირებულია და სქემაშია ჩართულია, ხოლო მათ ვისაც ჯერ არ აქვთ უფროსი მასწავლებლის წოდება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ისინი აუცილებლად ჩააბარებენ გამოცდებს. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხო ენების სწავლებას. პირველივე კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა, მეორე კლასიდან ვასწავლით რუსულს, მესამე კლასიდან – ვიწყებთ უკვე იტალიური ენის შესწავლას.
როგორია ერთი დღე სკოლაში?
მადონა ხარატიშვილი: ბავშვები მთელ დღეს სკოლაში ატარებენ, დღის განმავლობაში 6-7 გაკვეთილი აქვთ, სასწავლო პროცესი 17:00 საათამდე გრძელდება. ბუნებრივია, მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესით არ ვართ დაკავებული, ჩვენ მათ ხალისიან გარემოსაც ვუქმნით. (იღიმის).
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გვაქვს არაჩვეულებრივი ეზო, სადაც ბავშვები ერთობიან, თამაშობენ კალათბურთს, ფრენბურთს, ფეხბურთს, მაგიდის ჩოგბურთს… გვაქვს ჭადრაკისა და კარატეს წრეები. სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურული სალონი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ხელს უწყობს ბავშვებს იარონ ცურვაზე. გამოყოფილია ტრანსპორტი, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით ბავშვებს ორგანიზებულად გადაადგილებაში.
ჩვენი სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ბავშვები პერიოდულად დაგვყავს მუზეუმებში, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, პროქტებში, დავდივართ თეატრში, ექსკურსიებზე… სკოლას აქვს დღეები როდესაც „აირჩიე პროფესიის“ ფარგლებში ვეპატიჟებით სტუმრებს, პროფესიონალებს, მათ შორის მშობლებს, რომლებიც თავის საქმეში სხვადასხვა სპეციალობის ფარგლებში, პრეზენტაციას აკეთებენ და ბავშვებს პირად გამოცდლებას უზიარებენ. ყველანაირად ვცდილობთ რომ ბავშვებისთვის სკოლაში მოსვლა შემეცნებითთან ერთად სახალისოც იყოს. მოკლედ, ბავშვები და მათთან ერთად ჩვენც, საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ.
რაც შეეხება კვებას…
მადონა ხარატიშვილი: სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო – ჩვენი მზარეულები ბავშვებს ადგილზე მომზადებული სადილებით უმასპინძლდებიან. კვება არის ორჯერადი აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის – პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ვიყენებთ გაუყინავ ხორცს, მაღალი ხარისხის კარაქსა და ჯანსაღ ბოსტნეულს. ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი (ISO).
ქალბატონო მადონა, მოგვიყევით თქვენი ძირითადი პროფესიის შესახებ, ცნობილია რომ ხატავთ, ხართ დიზაინერი, ასევე კარგი დიასახლისი… როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს ერთად?
მადონა ხარატიშვილი: პროფესიით მხატვარი ვარ, ჩემი ნამუშევრები ძირითადად ევროპასა და ამერიკაში გადის. 17 წელია რაც ფეხსაცმლის დიზაინერი ვარ, მაქვს საკუთარი სახელოსნო – „შუზ კაფე“, სახელოსნოს აქვს გასვლითი კვირეულები საზღვარგარეთ. ჩემი და ქეთევან ხარატიშვილიც მხატვარია, შარშან თბილისში მასშტაბური გამოფენა გვქონდა. სამუშაო მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა, როდესაც რამდენიმე საქმეს შორის არჩევანის გაკეთება მიწევს, სკოლისკენ ვიხრები.
ვარ სამი შვილის დედა, უფროსი გოგონები „კრწანისი მარჯში“ მუშაობენ, ერთი პედაგოგია, მეორე კი აღმზრდელი, მესამე შვილს რაც შეეხება, ამავე სკოლის მოსწავლეა.
სკოლის სამომავლო გეგმები როგორია?
მადონა ხარატიშვილი: ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ესაა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, საზღვარგარეთ არსებულ სკოლებთან მოლაპარაკება. კერძოდ, ლონდონის რამდენიმე სკოლასთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. გვინდა, რომ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ არსებულ სკოლებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და ხელშეკრულება გავაფორმოთ. ვფიქრობთ, გარდა იმისა, რომ ბავშვები უცხო ქვეყანას ნახავენ, სწავლების განსხვავებულ მეთოდებს გაეცნობიან და გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებენ, ეს პროგრამები მათ სამომავლო გეზის აღებაში დაეხმარება.
ასევე, უახლოეს მომავალში სკოლა აღიჭურვება ე.წ. სმარტ-დაფებით. ჭკვიანი დაფა გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, შეამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს შეუწყობს მასალის დამახსოვრებას. მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირებაც ჩაუტაროს. ვფიქრობ, თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ადვილად დაძლევადს გახდის.
მოამზადა ნინო გოლოშვილმა